„პირბადე ღია სივრცეებშიც ატარეთ“ – უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაცია
12/10/2020 10:15:20 საზოგადოება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეასრულონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რჩევები, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეინარჩუნონ მუშაობის დისტანციური რეჟიმი.
"საბჭო რეკომენდაციით მიმართავს ხანდაზმულებს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში მობილობა განსაკუთრებით მაღალია და ვირუსიც შესაძლოა, უფრო სწრაფად გავრცელდეს, საბჭოს რეკომენდაციაა, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეებშიც ატარონ, რამდენადაც ის მსოფლიოში ამ ეტაპზე თავდაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე აჭარაში დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აჭარაში სტაბილური მაჩვენებლები ვირუსის საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება, შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყება.ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 538 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 92 კი გარდაიცვალა.


