რატომ იზრდება COVID-19–ით გარდაცვალების შემთხვევები – მინისტრის განმარტება
12/10/2020 08:17:36 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები საწოლების ან სასუნთქი აპარატების რესურსს არ უკავშირდება.
"ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაცხადებით იმ კრიტიკული პაციენტების რიცხვს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მკურნალობს. სწორედ მწვავე და კრიტიკული პაციენტების გართულებების შედეგად ხდება სიკვდილობის მატება. ამას საწოლფონდის და სასუნთქი აპარატების რესურსთან კავშირი არ აქვს". - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, სადღეისოდ ქვეყანაში 53 კრიტიკული პაციენტია.
ამასთან, მინისტრი ირწმუნება, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის საწოლების საკმარისი რაოდენობაა.
"ახლა სამინისტროში მიმდინარეობს კლინიკებთან შეხვედრა. ის კლინიკები, რომლებიც კოვიდ ინფექციის მართვაში ნაწილობრივ, ჰიბრიდული მეთოდით არიან ჩართულები, დღის ბოლომდე სრულად დაიტვირთებიან".
ცნობისთვის კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში 92 პაციენტი იმსხვერპლა, მათგან 7 დღეს.


