ბიშკეკში მიტინგზე შეტაკებები და სროლაა, არიან დაჭრილები
09/10/2020 14:11:12 მსოფლიო
ბიშკეკის ცენტრალურ მოედანზე შეტაკებები დაიწყო, გაისმა სროლის ხმაც.
დაპირისპირებული მხარეების შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. მედიის ნაწილის ცნობით, თეთრი სახლის სიახლოვეს ყოფილ პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის, ექს-პრემიერ ომურბეკ ბაბანოვისა და სხვა ყოფილი ჩინოსნების მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასა და დეპუტატების მიერ ლეგიტიმური პრემიერის არჩევას მოითხოვდნენ.Kaktus.media-ს ცნობით, მთავრობის სახლის სიახლოვეს იდგნენ ყოფილ დეპუტატ სადირ ჟაფაროვის მომხრეები. თავად ჟაფაროვი ზოგიერთმა პარლამენტარმა პრემიერობის კანდიდატად წარადგინა.
მოგვიანებით ცენტრალურ მოედანზე უცნობი პირები მივიდნენ - სავარაუდოდ, ასევე ჟაფაროვის მხარდამჭერები და ამას შეტაკებები მოჰყვა.
მოედანზე მყოფი ადამიანები ისროდნენ ქვებსა და პლასტმასის ბოთლებს, ისმოდა სროლის ხმაც.
ვიდეოკადრებზე ჩანს, რომ უცნობმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მანქანა დაცხრილა.
24.kg-ს ცნობით, შეტაკებების დროს დაიჭრა ექს-პრემიერ თემირ სარიევის დაცვის წევრი და რამდენიმე თანამოაზრეც. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
ცნობისთვის: დღეს პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ჯარის განლაგების განკარგულება გასცა.
ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგანგებო მდგომარეობა დღეს, 20:00 საათიდან ამოქმედდება და 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა, ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე გადადგეს.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში საპროტესტო ტალღა საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოჰყვა. არჩევნებში მონაწილე 16 პარტიიდან გამოცხადებულ შედეგებს უმრავლესობა არ ეთანხმება.


