საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების მიყვანისა და გაყვანის ახალი წესები განისაზღვრა
09/10/2020 09:46:02 საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის ცნობით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციების მიხედვით განაახლებს მუშაობას: განისაზღვრა საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელის მიყვანისა და დაწესებულებიდან გაყვანის წესი; შეიცვალა ბაღებში სათამაშოების გამოყენების წესი – აღარ გამოიყენება ისეთი სათამაშოები, რომლებიც გარეცხვას ან დეზინფექციას რთულად ექვემდებარება.
მიღების წესი
"როდესაც მშობლებს ბავშვები ბაღში მოჰყავთ, ეზოში ხვდება მარკირებები, სტიკერები, სადაც განსაზღვრული არის, სად უნდა დადგეს მშობელი ბავშვთან ერთად. დახატული არის ამ სტიკერზე ან მონიშვნაზე ჯგუფი. ანუ ასაკობრივი ჯგუფი მინიშნებულია ორიდან სამ წლამდე, სამიდან ოთხ წლამდე, ოთხიდან ხუთ წლამდე, ხუთიდან ექვს წლამდე. სწორედ იმ ადგილზე უნდა განთავსდეს მშობელი, სადაც მისი ბავშვის ასაკი არის განსაზღვული. ამის შემდეგ გამოდის აღმზრდელი შენობიდან ეკიპირებული ხალათით, ხელთათმანით, პირბადით და ბავშვს გამოართმევს მშობელს. შემდეგ უტარდება თერმოსკრინინგი ბავშვს და შეჰყავს შენობაში, სადაც დახვდება საბავშვო ოთახში აღმზრდელის თანაშემწე, ანუ მეორე თანამშრომელი და იტოვებს ბავშვს",– განმარტავს გვანცელაძე და დასძენს, რომ "უკვე არსებობს ე.წ. ჩეკლისტები, სია, განრიგი, რომლის მიხედვითაც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომელ საათზე უნდა მიიყვანოს ბავშვი ბაღში".
გვანცელაძის თანახმად, ანალოგიურია ბავშვის ბაღიდან გაყვანის წესი: წინასწარ განსაზღვრული არის დრო, ამა თუ იმ ჯგუფში მყოფი ბავშვის მშობელმა როდის უნა გაიყვანოს ბავშვი.
რაც შეეხება მშობელს, რომელსაც სურს, ადრე გაიყვანოს ბავშვი, გვანცელაძე იმედს იტოვებს, რომ მსგავსი შემთხვევები ერთეული იქნება:
"მინდა, მშობლებს ვთხოვო, სწორედ ამ კუთხით იზრუნონ, რომ ასეთი შემთხვევები ერთეული იყოს, რადგან ეს თუ მასობრივი იქნება, ძალიან დაარღვევს ყველანაირ წესსა და რეგულაციებს. თუმცა თუ განსაკუთრებული შემთხვევა იქნება, ათი წუთით ადრე უნდა მიმართოს აღმზრდელს და შესაძლებელი იქნება ბავშვის გაყვანა".
ამასთან, ახალი წესის მიხედვით, თუ ბავშვს გამოუვლინდა ტემპერატურა მიღების დროს, მშობელს ეცნობება, რომ გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს 112-ს:
"თუ დღის განმავლობაში გამოუვლინდა ტემპერატურა, უკვე აღმზრდელს გადაჰყავს ე.წ. დაყოვნების ანუ საიზოლაციო ოთახში ბავშვის ექთანთან, რომელიც ეკიპირებულია. მივმართავთ მშობელს, გონივრულ ვადაში გაიყვანოს ბავშვი და მიმართოს 112-ს. თუ მშობელი ძალიან დაიგვიანებს, მივმართავთ 112- ს და ინდვიდუალური შემთხვევები ცალ-ცალკე განიხილება. ყოველ ორ საათში განიავდება ოთახები, შეიცვალა სათამაშოების გამოყენების წესი. პრაქტიკულად, ამოღებული იქნა სათამაშოები, რომლებიც რთულად ექვემდებარება გარეცხვას ან დეზინფექციას. სადეზინფექციო ხსნარები დაყენდა ყველა ოთახთან. შეიცვალა ჭურჭლის რეცხვის,თეთრეულის გარეცხვის, დისტრიბუციის წესი. სააღმზრდელო პროცესის დროს პირბადეებით იქნებიან თანამშრომლები“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყება 12 ოქტომბერს იგეგმება


