Accentnews.ge
ჟეენბეკოვი მზადაა, გადადგეს, როცა “ყირგიზეთი კანონიერების გზას დაადგება”

ჟეენბეკოვი მზადაა, გადადგეს, როცა “ყირგიზეთი კანონიერების გზას დაადგება”

09/10/2020 07:21:24 მსოფლიო

ყირგიზეთის პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის განცხადებით, იგი “მზადაა, გადადგეს, როგორც კი ქვეყანა კანონიერების გზას დაადგება”. ამის შესახებ მის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დღეს, გამთენიისას გამოქვეყნდა.

"პოლიტიკურმა ვითარებამ ყირგიზეთში კრიტიკულ წერტილს მიაღია. შექმნილი სიტუაციის დასარეგულირებლად ჩვენ უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები: მოვახდინოთ საპარლამენტო არჩევნების შედეგების ანულირება და დავნიშნოთ ხელახალი არჩევნები. შესაბამისი გადაწყვეტილება ცსკ-მ უნდა მიიღოს. პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, რომლებიც კრიზისამდე მუშაობდნენ, უნდა გადადგნენ, - ეს შექმნის კანონიერ საფუძვლებს ახალი საკადრო გადაწყვეტილებებისთვის. ამისთვის ჩემი და პარლამენტის დადგენილებებია საჭირო და მე ჩემის მხრიდან ამისთვის მზად ვარ, ველი პარლამენტს", – ნათქვამია ჟეენბეკოვის მიმართვაში.

ამასთან, მასში ხაზგასმულია, რომ პარლამენტის მიერ ამ ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელია სამართალდამცველების მხრიდან დეპუტატების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

"ჩემთვის არანაირი თანამდებობა არ დგას სახელმწიფოს, ხალხის ერთობისა და საზოგადოების სიმშვიდის ფასეულობებზე მაღლა. ჩვენთვის აუცილებელია, ვითარება კანონიერების ჩარჩოში დაბრუნდეს", – წერს ჟეენბეკოვი.

თუმცა მანამდე დეპუტატმა ანვარ ართიკოვმა აცნობა ჟურნალისტებს, რომ ჟეენბეკოვი გეგმავს, ახალი მთავრობა “თავისი კადრებით დააკომპლექტოს”.

მას შემდეგ, რაც 6 ოქტომბერს, ღამით საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებული შედეგებით უკმაყოფილო მომიტინგეებმა აიღეს თეთრი სახლი, რომელშიც პარლამენტის გარდა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და უშიშროების საბჭოა განთავსებული, ჟეენბეკოვი საჯარო სივრციდან გაქრა. მისი პრეს-სამსახური პერიოდულად ავრცელებდა მიმართვებს და ირწმუნებოდა, რომ პრეზიდენტს ბიშკეკი არ დაუტოვებია.

თავიდან სოორონბაი ჟეენბეკოვი მომხდარს “ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობად” აფასებდა და აცხადებდა, რომ ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩებოდა. მოგვიანებით მან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდნენ იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამოცხადბულ წინასწარ შედეგებს არ ეთანხმებოდნენ. რიგმა მოქმედმა დეპუტატებმა იმპიჩმენტის ინიცირებაც მოახდინეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S