რეგიონში პირველად, საქართველოდან ორმა პროგრამამ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს აკრედიტაცია მიიღო
09/10/2020 05:33:59 საზოგადოება
რეგიონში პირველად, თსუ-ს ორმა პროგრამამ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია მიიღო. პროგრამების პრეზენტაციას საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ქეთრინ შვაიცერი და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ABET-ის აკრედიტაცია მიიღო ორმა პროგრამამ: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები. შესაბამისად, ამ პროგრამების კურსდამთავრებულები საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომს მიიღებენ, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არის კონკურენტუნარიანი.
როგორც აღინიშნა, თსუ არის პირველი უნივერსიტეტი ABET-ის ისტორიაში, რომელმაც პირველივე ჯერზე მიიღო ამერიკული აკრედიტაცია. თსუ-ს საბაკალავრო პროგრამა ქიმიაში პირველია საქართველოში, რომელმაც ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) სერტიფიცირება მიიღო. საქართველო 24-ე ქვეყანაა, სადაც ACS-ის წარმომადგენლობა გაიხსნა.


