ჯანმო – ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
08/10/2020 19:47:21 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
მისივე ცნობით, დღე–ღამის განმავლობაში დაავადება 338 779 ადამინს დაუდასტურდა, მათგან 96 996 ევროპაში გამოვლინდა, რაც ევროპისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
"ევროპაში სადღეისოდ კორონავირუსის უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე ინდოეთში, ბრაზილიასა და აშშ–ში", – აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 061 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 36 403 000–ზე მეტი ადამიანი, 27 420 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი, გარდაიცვალა 3 პირი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 10 225 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 5 553 გამოჯანმრთელდა, ხოლო 66 გარდაიცვალა.


