ლიონი, ლილი, გრენობლი და სენტ-ეტიენი "წითელ ზონად" გამოცხადდა, ხოლო პარიზის კლინიკები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს
08/10/2020 16:22:33 მსოფლიო
ახალი კორნავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო საფრანგეთის ქალაქები – ლიონი, ლილი, გრენობლი და სენტ-ეტიენი "წითელ ზონად" გამოცხადეს, ხოლო პარიზის კლინიკები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს.
შესაბამისი განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 18 129 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის მორიგი ანტირეკორდია.
Covid-19–ის ყველაზე მეტი შემთხვევა პარიზსა და მარსელში გამოვლინდა. პარიზის კლინიკები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს.
მედიკოსებს შვებულებების შეწყვეტა უბრძანეს და საავადმყოფოებში გამოიძახეს. ამასთან, კლინიკებმა გეგმიური ოპერაციები გადადეს. აღნიშნულის ზომების მიზეზი პარიზის კლინიკებში კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მკვეთრი ზრდაა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დედაქალაქის საავადმყოფოებში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების დაახლოებით, 50% უკვე კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტებს უკავიათ.
ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისა და თავყრილობების თავიდან არიდებისკენ მოუწოდებს, რათა ინფექციის ფართო გავრცელება არ მოხდეს და საავადმყოფოებზე დატვირთვა შემცირდეს.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში Covid-19–მა 32 445 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებული ინფიცირების 650 000–ზე მეტი შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 061 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 36 403 000–ზე მეტი ადამიანი, 27 420 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი, გარდაიცვალა 3 პირი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 10 225 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 5 553 გამოჯანმრთელდა, ხოლო 66 გარდაიცვალა.


