ყირგიზეთი მაღალჩინოსნებს ქვეყნიდან არ გაუშვებს
08/10/2020 14:47:03 მსოფლიო
ყირგიზეთის უშიშროების საბჭომ საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ დღეს საბჭოს მდივნის მოადგილემ ომურბეკ სუვანალიევმა განაცხადა.
ქვეყნის სასაზღვრო უწყებაში კი დაადასტურეს, რომ მიიღეს ბრძანება, ყირგიზეთიდან მაღალჩინოსნები არ გაუშვან
სუვანალიევის თქმით, ყირგიზეთის პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვისა და პრემიერ კუბატბეკ ბორონოვის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია:
“ისინი საჯარო სივრცეში საპროტესტო აქციების დაწყების დროიდან არ გამოჩენილან და მართალია, ინტერნეტში პრეზიდენტის რამდენიმე მიმართვა გამოქვეყნდა, მაგრამ სად ჩაიწერა ისინი, არ ვიცით. თანამდებობის პირები, რომლებმაც სამუშაო ადგილები დატოვეს, კონსპირაციულ ადგილებში იმყოფებიან. ზუსტად სად – ვერ ვამბობთ, ბევრი მათგანი იმალება. ნაწილი, მაგალითად, ბორონოვი, ირწმუნება, რომ დისტანციურად მუშაობს და თანამდებობა არ დაუტოვებია. მსგავსი რევანშისტი საკმაოდ ბევრია, რამაც შესაძლოა, დიდი დაპირისპირება გამოიწვიოს, ვინაიდან პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში დაძაბული რჩება, პარტიები ერთმანეთში ვერ თანხმდებიან და აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან თავშეყრა", – აღნიშნა მან.
პრეზიდენტის პრეს-სამსახურში კი განაცხადეს, რომ ჟეენბეკოვი ბიშკეკში იმყოფება და პირადად მართავს მოლაპარაკებებს პოლიტიკურ ძალებთან.
5 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ყირგიზეთში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც არეულობებში გადაიზარდა. 6 ოქტომბერს, ღამით დემონსტანტებმა თეთრი სახლი დაიკავეს, რომელშიც პრეზიდენტის აპარატიცაა განთავსებული და იმ დროისთვის პარლამენტი სხდომას მართავდა. მათ რიგი ყოფილი ჩინოსნები, მათ შორის ექს-პრეზიდენტი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
პრეზიდენტმა ჟეენბეკოვმა ეს მოვლენები “ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობად” შეაფასა და განაცხადა, რომ ყირგიზეთის ლეგიტიმურ მმართველად რჩება.
ამ დროისთვის ქვეყანაში რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი და საკოორდინაციო საბჭო მოქმედებს.


