ილია მეორე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
08/10/2020 13:25:27 საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩ ფაიდ გულიევს შეხვდა.
„ელჩმა მის უწმინდესობას მადლობა გადაუხადა მიღებისთვის, ასევე გავრცელებული განცხადებისა და მშვიდობისკენ მოწოდებისთვის.
კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩის რანგში საქმიანობის დაწყება მიულოცა ბ-ნ ფაიდს და კვლავ გამოთქვა წუხილი საომარი მოქმედებების გამო. ბოლოს დასძინა: „სიმართლეზე ძვირფასი არაფერია; უნდა ვეძიოთ იგი; სიმართლემდე კი გზა ნაბიჯ-ნაბიჯაა გასავლელი“. (იგივე ითქვა სომხეთის ელჩთან წინა დღის შეხვედრაზეც.)
ინებოს ღმერთმა, რომ ეს სამართლებრივი, მშვიდობიანი მეთოდებით განხორციელდეს“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისი ცნობით, საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გუშინ საქართველოში სომხეთის ელჩ რუბენ სადოიანს უმასპინძლა.


