პოლონეთმა რუსული “გაზპრომი” $7,6 მლრდ-ით დააჯარიმა
08/10/2020 07:32:23 მსოფლიო
პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სამმართველომ რუსული “გაზპრომი” 29 მლრდ ზლოტით ($7,6 მლრდ) დააჯარიმა პოლონურ ანტიმონოპოლიურ უწყებასთან შეუთანხმებლად ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის გაყვანის გამო.
ეს ჯარიმის მაქსიმალური შესაძლო ოდენობაა – კომპანიის ოფიციალური წლიური ბრუნვის 10 %.
დაჯარიმდა ასევე “გაზპრომის” პარტნიორი 5 ევროპული კომპანია. თითოეულს დაახლოებით 100 მლნ დოლარის გადახდა მოუწევს. პოლონელი რეგულატორი მათგან რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულებების გაწყვეტას მოითხოვს. დაჯარიმებულებს შორისაა ბრიტანულ-ჰოლანდიური “Shell”, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
პოლონური უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის მშენებლობის დასრულებამ შესაძლოა, კეთილსინდისიერი კონკურენციის დარღვევა გამოიწვიოს პოლონეთში გაზის მიწოდების კუთხით.
გაზსადენი რუსეთიდან გერმანიაში პოლონეთის ტერიტორიის გვერდის ავლით მიდის.
წარსულში პოლონეთს უკვე დაუჯარიმებია “გაზპრომი” რამდენიმე ათეული მილიონი დოლარით ანტიმონოპოლიურ სამსახურთან არასაკმარისი თანამშრომლობის, კერძოდ, მოთხოვნილი დოკუმენტების არმიწოდების მიზეზით.
"გაზპრომმა" განაცხადა, რომ დაჯარიმების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ამ დროისთვის “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის მშენებლობა შეჩერებულია. მიზეზი ამერიკული სანქციების საფრთხეა.
ამჟამად გერმანიაში დავა მიმდინარეობს იმაზე, მიზანშეწონილია თუ არა გაზსადენის მშენებლობის დასრულება რუსეთის ხელისუფლების მოქმედებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ალექსეი ნავალნის მოწამლვასთან კრემლის სავარაუდო კავშირის გამო. ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია გაზსადენის დასრულების შესახებ ჯერ-ჯერობით უცვლელია.


