აფეთქებები რუსეთში: დაშავდა 6 ადამიანი, რიაზანის ოლქში საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს
08/10/2020 06:54:53 მსოფლიო
რუსეთში, რიაზანის ოლქში იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქებების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი – მძიმედ, იუწყება რუსული მედია.
ინციდენტთან დაკავშირებით ევაკუირებულია 1500-ზე მეტი მოსახლე, 5-კილომეტრიან რადიუსში არსებულ 13 საცხოვრებელ პუნქტში კი ბუნებრივი აირის მიწოდებაა შეწყვეტილი. ოლქში საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს.
ხანძარი, მოგვიანებით კი აფეთქებების სერია დაბა ჟელტუხინოს მიდამოებში მოხდა.
როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მიზეზი ხმელი ბალახის აალებაა, რის შემდეგაც ძლიერმა ქარმა ცეცხლი საარტილერიო შეიარაღების საწყობზე გადაისროლა.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ხელმძღვანელი ჩავიდა.
მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე «იარაღთან და გარშემომყოფთათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნივთებთან მოქცევის წესების დარღვევის” მუხლით.


