გახარია: "დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში გრიპის ვაქცინის დეფიციტი არ შეიქმნება"
07/10/2020 09:04:22 საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ საქართველოში გრიპის ვაქცინის დეფიციტი არ შეიქმნება.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოთხოვნა ვაქცინაზე მაღალია და გლობალურად შექიმნა დეფიციტი, თუმცა საქართველომ შარშანდელთან შედარებით გაორმაგებული დონა შეიძინა და შეძენას ისევ ცდილობს.
„მოწოდება [ვაქცინის] ეტაპობრივად დაიწყება შემდეგი კვირიდან. დამატებითი მოცულობის შესყიდვა განვახრციელეთ და კიდევ ვახორციელებთ. დარწმუნებული ვარ, გრიპის ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ შეიქმნება, უბრალოდ, ამას ეტაპობრივი მიდგომა სჭირდება და არანაირი პანიკის აუცილებლობა არაა. გრიპის სეზონი საქართველოში ნოემბრის მეორე ნახევრიდან იწყება, შესაბამისად, საკმაო დრო გვაქვს, რომ კერძო სექტორსაც მივეხმაროთ და სახელმწიფოს ვალდებულებებიც შევასრულოთ“,– განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ნაწილი ქვეყანაში მომავალი ერთი კვირის მანძილზე შემოვა.
მისი თქმით, საერთო ჯამში იგეგმება ვაქცინის 250 000-ზე მეტი დოზის შეძენა.
ეპიდემიოლოგები და იმუნოლოგები მოქალაქეებს, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფში მყოფებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, რათა კორონავირუსული პანდემიის პირობებში ორი ვირუსის ზედდება არ მოხდეს, მედიცინას კი ჯერ მსგავსი შემთხვევების ფართო გამოცდილება არ აქვს და არ არის ცნობილი, რა ტიპის გართულებებს იწვევს. ასევე ცნობილია, რომ მაღალი რისკის ჯგუფში ასაკოვნები და სხვადასხვა დაავადებების მქონე პირები არიან.
განახლება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, გრიპის ვაქცინის პირველი დოზა საქართველოში ოქტომბრის პირველ ნახევარში, 10 ოქტომბრის შემდეგ შემოვა.


