კალაძის თქმით, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე სამუშაოები 2 წელს გასტანს
07/10/2020 08:23:05 საზოგადოება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის განსათავსებლად შესაბამისი სამუშაოები 19 ოქტომბერს დაიწყება და 2 წელი გაგრძელდება.
„დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ბოლი წლების განმავლობაში და ჩვენ ამ ტენდენციას ვაგრძელებთ, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მწვანე, ყველაზე მოწესრიგებული, სადაც ადამიანებს არ ექნებათ ჯანმრთელობის სახით ის პრობლემები, რაც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით არის გამოწვეული“, - განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
ამასთან, მისი თქმით, მერია აუქციონის გამოცხადებას გეგმავს:
„გვინდა, გამოვაცხადოთ აუქციონი იმასთან დაკავშირებით, რომ 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდეს ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ არსებული კორტების ტერიტორიაზე და გამარჯვებულმა კომპანიამ 7 174კვ.მ. ფართობზე ორი წლის ვადაში მოაწყოს 4 ღია საჩოგბურთო კორტი, 1 ღია ან დახურული საცურაო აუზი და 1 სავარჯიშო-სატრენაჟორო დარბაზი. ობიექტის პრივატიზაციის პირველადი საწყისი თანხა 5 775 000 ლარს შეადგენს.
მისივე თქმით, კორტების ტერიტორია 2009 წელს გასხვისდა, თუმცა მერიამ მოახერხა და აღნიშნული ობიექტი მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.
თბილისის მერმა 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ ფონდი „ქართუ“ თბილისის მუნიციპალიტეტს "უსასყიდლოდ გადასცემს" ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.
ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში ბიძინა ივანიშვილი ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად შეაფასეს.
6 სექტემბერს, ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილმა დედაქალაქს იპოდრომის მხოლოდ ის ნაწილი დაუბრუნა, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით, არამომგებიანია. მისი თქმით, იპოდრომის მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც დაახლოებით 80 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, მმართველი გუნდის ლიდერმა თავისთვის დაიტოვა.
აბესაძემ შესაძლო ფულის გათეთრების ფაქტზეც ისაუბრა. მან მიმდინარე წლის ივნისში განხორციელებული ფინანსური ოპერაცია გაიხსენა, როდესაც ფონდმა ქართუმ ივანიშვილის კომპანიისგან იპოდრომის ტერიტორია 60 მილიონ ლარად გამოისყიდა.


