NCDC-ს თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა
07/10/2020 07:21:41 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამსრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, ინფიცირებულთან კონტაქტი ცენტრის 50-მდე თანამშრომელს ჰქონდა, რომლებსაც 48 საათში ერთხელ უტარდებათ ტესტირება, თუმცა ვირუსი არც ერთ მათგანს არ დადასტურებია.
“დადასტურდა ერთი ინფიცირებული ჩვენი თანამშრომელი, რომელიც გახლდათ უსიმპტომო. დადასტურდა კვირას. იმ დროს, როცა ის დადიოდა სამსახურში, ის გადამდები არ იყო. იმ თანამშრომლებს, დაახლოებით 50-ს, რომლებიც იყვნენ წინა დღეებში ინფიცირებულთან, 48 საათში ერთხელ უკეთდებათ ტესტირება. ყველა გატესტილია ჩემი ჩათვლით და არცერთს კორონავირუსი არ დადასტურებია,” – განუცხადა "მთავარ არხს" გამყრელიძე.
ცნობისთვის: საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 348 პირი, ხოლო 4 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 9 753 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 5 235 გამოჯანმრთელდა, ხოლო 62 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 230. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.
ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 4 518 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 58 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.


