ყირგიზეთის ცსკ–მ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა
06/10/2020 09:27:08 მსოფლიო
ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გასულ კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა, - იუწყება ადგილობრივი მედია და რიგი რუსული სააგენტოები ცსკ-ს წარმომადგენელ გიულნარ ჯულაბაევაზე დაყრდნობით.
ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი არჩევნების შედეგების გაუქმებას არ გამორიცხავდა. მან მიმართვა გაავრცელა, რომელშიც გადატრიალების მცდელობაზე ისაუბრა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მხარდამჭერთა დამშვიდებისკენ მოუწოდა, ხოლო ხალხს სთხოვა, “პროვოკაციებს არ აჰყვეს”. ჟეენბეკოვის განცხადებით, მან უბრძანა სამართალდამცველებს, სისხლისღვრა არ დაუშვან, ცსკ-ს კი არჩევნების შედეგების გაუქმება შესთავაზა, “თუკი იყო კანონის დარღვევები და ამის აუცილებლობა არსებობს”. ამასობაში პროტესტის მონაწილეებმა ბიშკეკში განაცხადეს, რომ აპირებენ სახალხო მთავრობის დანიშნვას და ახალი პრემიერის არჩევას.
გასული ღამით მომიტინგეები პარლამენტში შეიჭრნენ, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ეროვნული უშიშროების კომიტეტიც არის განთავსებული. მათ ღობე გაანგრიეს, ტერიტორიაზე შეიჭრნენ და მოლაპარაკებების შემდეგ გაათავისუფლეს კორუფციის ბრალდებით 11 წლით გასამართლებული ექს-პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი, ასევე ექს-პრემიერები საფარ ისაკოვი და ჟანტორო სათიბალდიევი.
პროტესტის შედეგად ბიშკეკის ცენტრში 500-ზე მეტი ადამიანი დაშვდა, ერთი დაიღუპა, - ნათქვამია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. ამ დროისთვის საავადმყოფოებში 150 მოქალაქე რჩება.
შეტაკებები ბიშკეკში 5 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ერთბაშად რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ ამ შედეგებს არ აღიარებს და მასობრივ დარღვევებსა და გაყალბებაზე მიუთითა. დემონსტრანტები მრავალათასიან მიტინგზე გავიდნენ და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.
მილიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და შუქხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.
მიტინგები ყირგიზეთის სხვა ქალაქებშიც იმართება. ოშში ოპოზიციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებები მოხდა.
პარლამენტში არსებული 120 ადგილის დასაკავებლად 16 პარტია იბრძოდა. წინასწარი მონაცემებით, 7%-იანი ბარიერი სულ 4-მა პოლიტიკურმა ძალამ გადალახა: სახელისუფლებო "ბირიდიკმა" ("ერთობამ"), "მშობლიურმა ყირგიზეთმა", ცენტრისტულმა "ყირგიზეთმა" და ოპოზიციურმა "ერთიანმა ყირგიზეთმა". ელიან, რომ ოფიციალური შედეგები 24 ოქტომბრამდე გამოცხადდება.
6 ოქტომბერს პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი არჩევნებში მონაწილე 16 პარტიის ლიდერებს შეხვდება. გამარჯვებულმა საპრეზიდენტო პარტია "ბირიმდიკმა” განაცხადა, რომ თანახმაა, ჩატარდეს განმეორებითი კენჭისყრა.
ყირგიზეთი საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკაა, რომლის პარლამენტშიც ოპოზიცია ტრადიციულადაა წარმოდგენილი, პრეზიდენტის უფლებამოსილებები კი შეზღუდულია.


