ვინ არიან ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები
06/10/2020 07:45:36 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან სამი აჭარაში და ერთი მცხეთაში მკურნალობდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 68 წლის კაცს COVID-19-ის, პნევმონიის და სუნთქვის მწვავე უკმარისობის გარდა ჰქონდა რთული თანმდევი დაავადებები. 64 წლის ქალს, დიაგნოზით: COVID-19, პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჰქონდა ინსულტიც და შაქრიანი დიაბეტი. 84 წლის კაცს COVID-19-ის, ორმხრივი პნევმონიის და სუნთქვის მწვავე უკმარისობის გარდა გადატანილი ჰქონდა ინსულტი.
კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი, 67 წლის ქალი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადებაც ჰქონდა, მცხეთის ცხელების ცენტრში გარდაიცვალა.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 4 პირი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 9245 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 4887 გამოჯანმრთელდა, ხოლო 58 გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 100. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.


