"კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა მოიმატა თბლისში, სიფრთხილე გვჭირდება, რომ იქნებ, როგორმე დედაქალაქი ძლიერ დატვირთვას გადაურჩეს"
06/10/2020 07:19:11 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა, თუმცა გაიზარდა თბილისში.
"ყველაზე საყურადღებოა, რომ კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა მოიმატა თბილისში, რა თქმა უნდა, ყველა რეგიონს უნდა გავუფრთხილდეთ მაგრამ, მოსახლეობის რაოდენობისა და იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიებები აქ ხდება, ძალიან სიფრთხილე გვჭირდება. იქნებ, როგორმე თბილისი გადაურჩეს ასეთ ძლიერ დატვირთვას – დიდი რაოდენობით ინფიცირებულის გამოვლენას", – განაცხადა ენდელაძემ.
რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსული ინფექციის 549 შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:
- აჭარა – 348
- თბილისი –99
- იმერეთი – 59
- სამეგრელო–ზემო სვანეთი – 19
- მცხეთა – 10
- გური– 3
- კახეთი –3
- შიდა ქართლი –4
- ქვემო ქართლი – 1
- სამცხე–ჯავახეთი – 1
- რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1
ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 4 პირი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 9245 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 4887 გამოჯანმრთელდა, 58 გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 100. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.


