თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ გადაიფიქრა გადადგომა
06/10/2020 02:17:01 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ადასტურებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა, თუმცა გადაიფიქრა.
გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მოტივად მან "TV პირველთან" ინტერვიუში "პირადი მოსაზრებები" დაასახელა. .
რაც შეეხება თანამდებობაზე დარჩენას, ცერცვაძე განმარტავს, რომ გადაწყვეტილება შეცვლა ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების ზრდას უკავშრდება.
"მქონდა რაღაც ჩემი პირადი მოსაზრებები და ყველა ადამიანს აქვს პირადი მოსაზრებები. არ არის იშვიათი, როცა ადამიანი ფიქრობს, ხომ არ ჯობია, რომ გადადგეს. რატომ, ამას არ დავაზუსტებ.
გადაწყვეტილება შევცვალე იმიტომ, რომ ჩავთვალე, ახლა, როცა არის შემთხვევების მატება და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევების მატებას არ მოჰყვეს სიკვდილიანობის მატება, ჩემი გადადგომა არ იქნებოდა კარგი, რამეთუ მე ვარ კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი და ვახორციელებ კოორდინაციას ქვეყანაში ყველა პაციენტის მკურნალობასა და მოვლაზე", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ
როგორც ცერცვაძე ამბობს, მისი ამ ორი გადაწყვეტილებიდან არც ერთი არ უკავშირდება მთავობის წევრებს.
ამასთან, ცერცვაძე ამბობს, რომ Covid-19-ის პანდემიამდეც აპირებდა თანამდებობის დატოვებას, თუმცა მაშინ მიზეზი ინფექციური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა იყო:
"ჩემი გადადგომის წინა მცდელობა მთლიანად დამოკიდებული იყო ჩვენს ამ მოთხოვნასთან, რომ გაუმჯობესებულიყო ინფრასტრუქტურა და მიგვეღო ახალი შენობა".
ცნობისთვის: 1 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებდა. იმავე საღამოს ინფექციური საავადმყოფოს პრეს–სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება.


