ტრამპი აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს და კლინიკას ტოვებს
05/10/2020 19:20:11 მსოფლიო
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც ახალი კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდა, აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს და უილტერ რიდის სამედიცინო ცენტრს დღეს დატოვებს.
"თავს კარგად ვგრძნობ, კოვიდის არ შეგეშინდეთ. ნუ მისცემთ მას უფლებას, თქვენს ცხოვრებას დაეპატრონოს. თავს იმაზე უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ", - წერს ტრამპი "ტვიტერში" პირად გვერდზე.
ექიმების განცხადებით, გეგმავენ პრეზიდენტი კლინიკიდან გაწერონ, რადგან ბოლო 72 საათის განმავლობაში მას ტემპერატურა არ ჰქონია, ორგანიზმს ჟანგბადი სათანადოდ მიეწოდება და დღე–ღამის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მათივე ცნობით, პრეზიდენტი ჯერ კიდევ კოვიდ–ინფიცირებულია.
4 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ტრამპს პარასკევ დილით ჟანგბადის მიწოდება დასჭირდა.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 041 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 35 000 000–ზე მეტი ადამიანი, 26 630 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
ქართველი სპეციალისტები მოქალაქეებს პირბადის ტარების რეკომენდაციით არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც მიმართავენ. როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, თუ ღია სივრცეში სოციალური დისტანციის დაცვის შესაძლებლობა არ არის, მოქალაქე პირბადით უნდა გადაადგილდეს.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა ორი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 8696 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 4619 გამოჯანმრთელდა, ხოლო 54 გარდაიცვალა.


