Accentnews.ge
ყირგიზეთში მასობრივი აქციის დაშლისას გაზი, წყლის ჭავლი და სხვა სპეცსაშუალებები გამოიყენეს

ყირგიზეთში მასობრივი აქციის დაშლისას გაზი, წყლის ჭავლი და სხვა სპეცსაშუალებები გამოიყენეს

05/10/2020 17:06:24 მსოფლიო

დღეს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკსა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი ქუჩაში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით გავიდა. ოპოზიცია, რომელმაც აქციების ორგანიზება მოახდინა, მასობრივ გაყალბებებზე მიუთითებს.

ბიშკეკის ცენტრალურ მოედანზე 30 000-მდე მოქალაქე შეიკრიბა. აქციაზე გადაწყდა, შექმნილიყო ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო, რომლის უპირველესი მიზანი არჩევნების შედეგების ანულირების მიღწევაა. ცსკ-ს წაუყენეს ულტიმატუმი, ეს გადაწყვეტილება შუაღამემდე მიეღო. გარდა ამისა, მიტინგზე გაისმა მოქმედ პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის გადადგომის მოთხოვნაც, რომელსაც მედია “პრორუსულად” მოიხსენიებს.

ძალოვანები, რომლებმაც მოედანი ალყაში მოაქციეს, ჯერ პასიურად აკვირდებოდნენ ვითარებას, თუმცა შეღამებისას შეკრებილთ დაშლისკენ მოუწოდეს. ხოლო მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ მოედანზე უვადოდ დარჩებოდნენ, მილიციამ აქციის დაშლა დაიწყო, რა დროსაც გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და სხვა სპეცსაშუალებები.

ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით, ეს გადაწყვეტილება იმის გამო იქნა მიღებული, რომ მომიტინგეები პარლამენტის შტურმით აღებას გეგმავდნენ.

დაშავებულებისა და დაკავებულების რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ცსკ-ის ოფიციალური მონაცემებით, პარლამენტში გასულმა სამმა პარტიამ ჯამში ხმათა 55%-ზე მეტი მოაგროვა და მათ გარდა, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მოხვდა, მაშინ, როცა სულ არჩევნებში 16 პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ პირველი სამი პარტია ქვეყნის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან მეტ ინტეგრაციასა და რუსეთთან კავშირის განმტკიცებას ემხრობა, ხოლო “ბირიმდიკის” (ხმათა 24,5%) კანდიდატებს შორის იყო პრეზიდენტ ჟეენბეკოვის ძმა და ამჟამინდელი პარლამენტის რამდენიმე მაღალჩინოსანი. დამარცხებული პარტიების ლიდერებმა არჩევნებს “ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ბინძური” უწოდეს და განაცხადეს ყველა უბანზე მასობრივი დარღვევების თაობაზე.

ეუთო-ს მოხსენების თანახმად, არჩევნები “მთლიანობაში კარგად ჩატარდა, კანდიდატებს აგიტაციის დაუბრკოლებელი შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა ხმების მოსყიდვის შესახებ საყურადღებო ცნობები სერიოზულ პრობლემად რჩება».

ყირგიზეთი საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბიკაა, პარლამენტში ტრადიცულად არის წარმოდგენილი ოპოზიციაც, პრეზიდენტის უფლებამოსილებები კი შეზღუდულია. ადრე ქვეყანაში საპროტესტო აქციების შედეგად ორი პრეზიდენტი გადააყენეს – ასკარ აკაევი და კურმანბეკ ბაკიევი. კიდევ ერთი ექს-პრეზიდენტი – ალმაზბეკ ატამბაევი კი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დააპატიმრეს და გაასამართლეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S