Accentnews.ge
გახარია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის

გახარია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის

05/10/2020 08:02:28 საზოგადოება

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავი არ არის.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ამ გაზრდილი რაოდენობის და სწრაფი გავრცელების მართვასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის შეუზღუდავი. ყველას კარგად უნდა ავუხსნათ, რომ ნებისმიერ რესურსს და პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემის რესურსს აქვს თავისი შეზღუდვები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. შეზღუდვებს რომ თავი ავარიდოთ, უნდა დავიცვათ ელემენტარული მოთხოვნები - პირბადე, დისტანცია, ჰიგიენის ნორმები და ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა, განსაკუთრებით აჭარაში. ჩვენ არ ვამბობთ არავისთვის, რომ დარჩით სახლში, მაგრამ ხანდაზმულ ადამიანებს რომ ვუთხრათ, რომ დარჩით სახლში, ახლა არის სწორი მომენტი ამისთვის“,– განაცხადა გახარიამ.

ამასთან, როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, „მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის დაწყებიდან დაახლოებით 8 თვე გავიდა, თანამედროვე მსოფლიომ ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისევ პირბადე, ისევ დისტანცია, ისევ დიდი რაოდენობის არასაჭირო სოციალური თავშეყრებისგან თავის არიდება და ა.შ.“

„ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ადაპტაციის და მართვის ეტაპზე ვართ, პირველ რიგში უნდა დავიცვათ ეს წესები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ არავის ეგონოს, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოუწურავია. არ არის ასე, ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოწურვადია და ეს არის ყველაზე დიდი რისკი. ის წარმატება, რომელიც ჩვენ პირველი ტალღისას და პირველ ეტაპზე გვქონდა რომ გავიმეოროთ და აუცილებლად უნდა გავიმეოროთ ამისთვის საჭიროა, რომ ამ სამმა კომპონენტმა იმუშაოს ერთად - მოქალაქემ, სახელმწიფომ და დაწესებულებებმა, ყველას ჰქონდეს გადანაწილებული შესაბამისი პასუხისმგებლობა და ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამას, იმიტომ რომ ახლა რასაც ვხედავთ, ინფიცირებულების რაოდენობა მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდება და როგორც ჩანს კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა დაუფიქრებლად რაღაც შეზღუდვები უნდა შემოვიღოთ. ამას არ ვაპირებთ, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, ასეთი საჭიროებაც არ არსებობს, ვმართავთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტური მართვის ის შედეგები, რომლებიც ჩვენ აქამდე გვქონდა, ეს უნდა გავაგრძელოთ და კიდევ უფრო მეტ ეფექტიანობაზე უნდა ვიფიქროთ,“ - განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S