Accentnews.ge
ბათუმის რესპუბლიკურის ექიმი: „სისტემა ვერ გაუძლებს! სახელმწიფომ სათადარიგო ვარიანტებზეც უნდა იფიქროს”

ბათუმის რესპუბლიკურის ექიმი: „სისტემა ვერ გაუძლებს! სახელმწიფომ სათადარიგო ვარიანტებზეც უნდა იფიქროს”

05/10/2020 07:23:44 საზოგადოება

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიის დეპარტამენტის უფროსის ბენიმინ ჭელიძის შეფასებით, ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსული ინფექციით დაავადებული პაციენტების მზარდ რაოდენობას ვერ გაუძლებს, ამიტომ სახელმწიფომ რამდენიმე გეგმაზე უნდა იმუშაოს.

„სისტემა ვერ გაუძლებს! ამიტომ, სახელმწიფომ რამოდენიმე სათადარიგო ვარიანტზეც უნდა იფიქროს თავისი რანიმაციის განყოფილებითა და სუნთქვის აპარატებით. შეიძლება, არ დაგჭირდეს, მაგრამ რომ დაგჭირდეს? იტალიაში ხალხი რისთვის იხოცებოდა? აპარატები არ ყოფნიდათ – „ის მაინც ასაკოვანია, არ მივაერთოთ და შედარებით პერსპექტიულ ავადმყოფებს მივაერთოთო“ – ეს მიდგომა უკიდურესად მძიმე და ცუდია. იქნებ გადარჩეს?“,– განაცხადა „ფორმულასთან“ საუბარში ექიმმა.

მისი ცნობით, მრავალპროფილურად ცნობილი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც სადღეისოდ მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაცინტებს იღებს, რეალურად, მრავალპროფილური არ არის:

„ქირურგი, კარდიოლოგი, უროლოგი, ნერვოლოგი, ტრამვატოლოგი, ყელ–ყური – არ არის. აქ [ინფექციის დროს] გართულებები ყველა მიმართულებითაა, აბა მრავალპროფილური რისთვისაა საჭირო? და კოვიდიანებს მით უფრო სჭირდებათ. ამ გართულებების სამკურნალოდ არანაირად არ არის მზად [ბათუმის რესპუბლიკური]: არც ინფრასტრუქტურაა, არც ტექნიკა, არც დაკომპლექტებული არ არის, მუშაობა არც დაუწყიათ! თითქოს დაიწყეს, მაგრამ სიტყვის მასალად“,– განაცხადა ექიმმა.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა ორი.

ვირუსის შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისით კვლავ აჭარა ლიდერობს: გამოვლინდა 416 შემთხვევა. მათგან 16 მოზარდი, ხოლო 20 ორსულია.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ადგილობრივებს ჯერ კორონავირუსის ტესტის პასუხის მიღებისთვის რამდენიმედღიანი ლოდინი უწევთ, ხოლო შემდეგ სტაციონარში გადაყვანისთვის.

რაც შეეხებათ გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილ პაციენტებს, ორივე ბათუმის რესპუბლიკურში დაფიქსირდა. ორივე ქალია. მათგან ერთი 88 წლის, ხოლო მეორე –65–ის.

საქართველოში სადღეისოდ კორონავირუსული ინფექციის 4 077 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. პაციენტთა ნაწილი სტაციონარში, ხოლო ნაწილი სასტუმროებსა და ბინაზე გადის მკურნალობასა და სამედიცინო მეთვალყურეობას. მონაცემები ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ მიაწოდა.

ენდელაძის თანახმად, კორონავირუსული ინფექციით დაავადებული 45 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 43 მართვით სუნთვაზე იყოფება და აქედან 9 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S