N3 პენიტენციური დაწესებულების შიდა პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომლების სრული შემადგენლობა ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა
05/10/2020 05:25:58 საზოგადოება
აჭარის რეგიონში გამწვავებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან N3 პენიტენციური (ბათუმის) დაწესებულების შიდა პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომლების სრული შემადგენლობა ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაწესებულების თანამშრომლებს, მათ შორის მედპერსონალს, ტექნიკურ პერსონალს და ა.შ. გეგმური PCR ტესტირება ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხების მიღების შემდეგ დაწესებულების შიდა პერიმეტრზე მომუშავე 40 თანამშრომელი ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა.
„მათ შორის არიან ის პირები, ვინც აქამდეც (მიმდინარე წლის 29 მარტიდან) როტაციის პრინციპით მუშაობდა ყაზარმულ რეჟიმში. მათ 28 სექტემბერს უნდა დაეტოვებინათ დაწესებულება და სხვა თანამშრომლებით ჩანაცვლებულიყვნენ, მაგრამ იმისათვის, რომ არ მოხდეს დაწესებულებაში ვირუსის შეტანა, ეს პირები დაწესებულებაში დარჩნენ. 4 ოქტომბრიდან კი მათ დაემატა მედპერსონალი, ტექნიკური პერსონალი, ასევე დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიასა და სასადილოში დასაქმებული კერძო კომპანიების თანამშრომლები.
შეგახსენებთ, პანდემიის ფონზე ვირუსის პენიტენციურ სისტემაში შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 30 მაისიდან პენიტენციური სისტემის თანამშრომლები სისტემატურად გადიან გეგმიურ PCR ტესტირებას ორ კვირაში ერთხელ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.


