ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ით ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების რაოდენობა 43–მდე გაიზარდა
04/10/2020 07:54:11 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ით ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების რაოდენობა 43–მდე გაიზარდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, სადღეისოდ ქვეყანაში 3 874 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 43 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
"43 კრიტიკულად მძიმე პაციენტიდან, 41 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათ შორის 9 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი", – განაცხადა ენდელაძემ.
გუშინ Covid-19-ით ინფიცირებული კრიტიკული პაციენტების რაოდენობა 35 იყო.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 252 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა ორი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 8118 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 4244 გამოჯანმრთელდა, ხოლო 50 გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 554 ახალი შემთხვევა ქვეყნისთვის მორიგი ანტირეკორდია.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 100. 22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და14–დღია კარანტინს ექვემდებარება.


