ვინ იყვნენ ბოლო 24 საათში COVID-19–ისგან გარდაცვლილი პაციენტები
02/10/2020 07:06:57 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილი ორი პაციენტი ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა.
როგორც მარინა ენდელაძემ აღნიშნა, გარდაცვლილებს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.
„გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“, სადაც ამჟამად 90 პაციენტი გადის მკურნალობას. ერთ-ერთი გახლდათ 78 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება, ხორხის სიმსივნე, ორმხრივი პნევმონია. მეორე არის 72 წლის მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა ორმხრივი მძიმე პნევმონია, კარდიოპათია, გულის ქრონიკული უკმარისობა. მინდა გითხრათ, გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ეს ოჯახებისთვის რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედიაა, თუმცა გარდაცვალების მაჩვენებელი არ არის ძალიან დიდი“, – განაცხადა ენდელაძემ.
მისივე ცნობით, ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 3 379 აქტიური შემთხვევაა, მათგან 38 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია – 36 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19 453 პირს დაუდასტურდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 295 ადამიანი დაავადებისგან გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 7 093 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3714 პირი განიკურნა, 43 პაციენტი კი გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 453 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5392 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 1100 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.
როგორ ნაწილდება საქართველოში COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით:
- აჭარა – 297
- თბილისი – 78
- იმერეთი – 52
- სამეგრელო – ზემო სავენთი – 6
- გურია – 6
- შიდა ქართლი – 6
- ქვემო ქართლი – 2
- კახეთი–3
- მცხეთა – 2
- სამცხე–ჯავახეთი – 1


