ნავალნი: «არდაბრუნება პუტინის გამარჯვების ნიშანი იქნებოდა»
01/10/2020 12:32:15 მსოფლიო
რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ გერმანულ გამოცემა "Der Spiegel"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა – მოწამლვის შემდეგ პირველი. მან ისაუბრა ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობზე, ანგელა მერკელთან შეხვედრაზე და რუსეთში დაბრუნების გეგმაზე.
მოწამლვის შესახებ
ნავალნის აზრით, პრეზიდენტ პუტინს უშუალო კავშირი აქვს მის მოწამლვასთან, რადგან “ნოვიჩოკის” გამოყენება მხოლოდ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის ნებართვითაა შესაძლებელი.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ დანაშაულის უკან პირადად ვლადიმირ პუტინი დგას, მომხდარის სხვა ვერსიები არ გამაჩნია. ამას ფაქტებზე დაყრდნობით ვამბობ. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი კი “ნოვიჩოკია”. მისი დამზადების ან გამოყენების ბრძანების გაცემა მხოლოდ ორ ადამიანს შეუძლია – უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ან საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელებს პუტინის პირადი ბრძანებით” – აცხადებს ოპოზიციონერი ლიდერი.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, «ნოვიჩოკი» დაიტანეს ნივთზე, რომელსაც მხოლოდ ის ეხებოდა. - ეს შესაძლოა, ყოფილიყო შხაპი, აბაზანის ნიჟარა ან მობილური ტელეფონი. ბოთლზე ნაპოვნი ნივთიერება კი საშიში არ აღმოჩნდა – იქ საწამლავის მინიმალური რაოდენობა იყო.
“საბოლოო ჯამში, კრემლი ჩემს გერმანიაში გადაყვანას დასთანხმდა, რადგან ჩემთვის “მსხვერპლის” სტატუსის მინიჭება არ უნდოდა. ომსკში რომ დავღუპულიყავი, ან ჩემს ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მისდგომოდა, პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დაეკისრებოდა” – თვლის ნავალვი.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
“ახლა ბევრად უკეთესად ვარ, ვიდრე სამი კვირის წინ და ჩემი მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. სულ ცოტა ხნის წინ ათიოდე ნაბიჯს ძლივს ვდგამდი, ახლა კი უკვე მე-5 სართულზე შემიძლია ასვლა, დამიბრუნდა გონებრივი შესაძლებლობებიც. 90 წლის ადამიანების მსგავს ვარჯიშებს ვასრულებ: ცალ ფეხზე ვდგები და მეორეს წინ ვშლი” – ყვება ნავალნი.
ოპოზიციონერის თქმით, მისი ყოველდღიური ცხოვრება ახლა ერთფეროვანია — ყოველდღიური ვარჯიში, დილის გასეირნება პარკში, შემდეგ ვარჯიში ექიმთან, საღამოს – ისევ სეირნობა.
“ექიმები ამბობენ, რომ 90%-ით შემიძლია აღდგენა, შესაძლოა, 100 პროცენტითაც, მაგრამ ზუსტად ეს არავინ იცის. გამოდის, მე გარკვეული გაგებით საცდელი ვირთხა ვარ. არც ისე ბევრია ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ნერვული პარალიტიკური საბრძოლო ნივთიერებით საკუთარი მოწამლვის შედეგებს ადევნოს თვალი. ოდესმე ჩემს შესახებ ალბათ, სამედიცინო ჟურნალებში დაწერენ. ადრე დავცინოდი ადამიანებს, რომლებსაც უძილობის პრობლემა აწუხებდათ, რადგან თავად ეს არასოდეს განმიცდია. მაგრამ მერე მოხდა კომა, ნარკოზი, პრეპარატებზე მიჩვევა და ხანგრძლივი მდგომარეობა, როცა არც მეძინა, არც მეღვიძა. მას შემდეგ წამლების გარეშე ვეღარ ვიძინებ” – ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი.
რუსეთში დაბრუნების შესახებ
ნავალნის აზრით, რუსეთში არდაბრუნება იმის ნიშანი იქნებოდა, რომ პუტინმა თავისას მიაღწია.
“ჩემი საქმე ახლა იმაში მდგომარეობს, რომ დავრჩე ტიპად, რომელსაც არ ეშინია. და არ მეშინია! თუნდაც ხელები მიკანკალებდეს, ეს არა შიშის, არამედ მთელი ამ საზიზღრობის გამო ხდება. პუტინს ასეთ სიამოვნებას არ მივანიჭებ. არ მსურს, ვიყო “ოპოზიციის ლიდერი დევნილობაში», მე პოლიტიკოსი ვარ, რომელიც ხალხს კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდებს და თავადაც იზიარებს ყველა რისკს” – ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი.
ნავალნის თქმით, რუსეთში დაბრუნების შემდეგ იგი განაგრძობს იუთუბ-არხის გადაცემებს, ქვეყნის რეგიონებში ვიზიტებს, გაჩერდება სასტუმროებში და წყალსაც ონკანიდან დალევს:
“აბა რა ვქნა? ნებისმიერ შემთხვევაში, პუტინის უხილავი მკვლელების წინააღმდეგ არცთუ ბევრია რესურსი”.
ანგელა მერკელთან შეხვედრის შესახებ
როგორც ნავალნი ყვება, ეს გასულ კვირას იყო. სრულიად მოულოდნელად კარი გაიღო, პთხაში შევიდნენ მკურნალი ექიმი და ანგელა მერკელი. ეს იყო კერძო შეხვედრა, ოჯახურ წრეში, მას ესწრებოდნენ ნავალნის მეუღლე ულია და ვაჟი ზახარიც.
“დეტალებს ვერ მოვყვები, მაგრამ ჩვენ არ განგვიხილავს არაფერი საიდუმლო ან სენსაციური. ეს ვიზტი მხოლოდ ჟესტი იყო, მაგრამ შთამბეჭდავი იყო, რამდენად კარგად იცნობს მერკელი რუსეთსა და ჩემს სიტუაციას. ზოგიერთი დეტალი ჩემზე უკეთაც კი იცოდა. მას მართლაც კარგად აქვს გაცნობიერებული, რა ხდება რუსეთში. როცა ესაუბრები, ხვდები, რატომ უდგას იგი გერმანიას სათავეში ამდენი ხნის განმავლობაში. მადლიერების გამოხატვის საპასუხოდ მერკელმა თქვა: «მე მხოლოდ ვალდებულება შებასრულეო» - ყვება ოპოზიციონერი ლიდერი.
რუსეთის ხელისუფლების განცხადების შესახებ
“ისინი მოითხოვენ, გერმანიამ სამედიცნო ანალიზები წარუდგინოს, სისხლის სინჯები, არადა ომსკში უნდა დარჩენილიყო ჩემი სისხლის უამრავი სინჯი (რუსეთის ხელისუფლება მოწამლვის ვერსიას უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რადგან გერმანიამ არ გადასცა ანალიზების შედეგები — რედ.). მათ, რა თქმა უნდა, არ სურთ, ამ საქმით დაკავდნენ. ისინი უბრალოდ თათხავენ გერმანიის მთავრობას და მოგვიანებით, დარწმუნებული ვარ, გაიჟღერებს ბრალდება, რომ ანგელა მერკელმა პირადად მომწამლა «ნოვიჩოკით» - ამბობს ნავალნი.
მისივე აზრით, ამ მოწამლვის უკან რომ პუტინი არ მდგარიყო, ყველაფერი ბევრად უარესად იქნებოდა:
“ნოვიჩოკის” ერთი ჭიქაც საკმარისია, რომ ბერლინში მეტროს სადგურზე ყველა მგზავრი მოწამლო. თუ საბრძოლო აგენტთან წვდომა სამზე მეტ ადამიანს აქვს, ეს გლობალური საფრთხეა. და ეს საშინელება იქნებოდა”.


