ახალი პროტოკოლით, პაციენტს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების სტატუსი განმეორებითი ტესტირების გარეშე მიენიჭება
30/09/2020 08:33:19 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო ახალი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც პაციენტს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების სტატუსი განმეორებითი „პისიარ“ ტესტირების გარეშე მიენიჭება.
„კარგია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა 718-ს შეადგენს. ამ ადამიანებმა ჰოსპიტლები და საკარანტინო სასტუმროები დატოვეს, ბინაზე მეთვალყურეობაც შეჩერდა. გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ იმსჯელა და მიიღო ახალი პროტოკოლი, რომელიც შეეხება გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას განმეორებითი „პისიარ“ ტესტირების გარეშე. ალბათ გახსოვთ, რომ მანამდე ორი თანმიმდევრული ტესტირება გვქონდა და ორივე აუცილებელი იყო. დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით, ათი დღის გასვლის შემდეგ, მე-11 დღეს პირს გამოჯანმრთელებულის სტატუსი ენიჭება“,- განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, აჭარის რეგიონში საწოლფონდის საკმარისი რაოდენობაა.
„აჭარაში 110 საწოლია. პირველადი ჯანდაცვის მექანიზმი გააქტიურებულია. თუ პაციენტის გადმოყვანა ჰოსპიტალში არ არის აუცილებელი, შეიძლება, დარჩეს ბინაზე ან გადავიდეს საკარანტინო სივრცეში. იყო გარკვეული შეფერხებები, როდესაც ერთდროულად ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. საწოლფონდის პრობლემა ამ ეტაპზე არ არის“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის: გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 800–მდე გამოჯანმრთელდა, ხოლო ორი პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 6192 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3120 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5413 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში გადაყვანილია 869 პაციენტი. 22 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რიგი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესიც დაიწყო.


