თბილისის მერია მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს აღდგენას გეგმავს: „გასახლებაზე შეთანხმება მიღწეულია“
30/09/2020 07:52:36 საზოგადოება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის აღდგენაზე ტენდერს გამოაცხადებს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტის მნიშვნელოვანი პრობლემა ადგილობრივების გასახლება იყო, რაზეც შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
"როდესაც მოვედით მერიაში და დავიწყეთ ჩვენი უფლებამოსილების განხორციელება, პირველივე დღიდან დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა. პრობლემები იყო ბევრი მიმართულებით. ამ პრობლემის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ადგილობრივი მოსახლეობის გასახლების საკითხი. ყველა ოჯახთან შეთანხმება მიღწეულია", - თქვა კალაძემ.
მერის თქმით, პროექტი მზადაა და მის განხორციელებას წელიწადნახევრიდან ორ წლამდე პერიოდი დასჭირდება.
"რაც შეეხება საბაგიროს ინფრასტრუქტურას, იქნება წრიული ტიპის, 21- გონდოლიანი. მისი საშუალებით, ერთკილომეტრიანი მანძილის დაფარვა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი, ხოლო საათში 1 100 ადამიანის გადაყვანას შეძლებს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მოქალაქეებს, რომლებიც აუცილებლობისა და საჭიროების გამო მთაწმინდის პარკში ადიან, ავტომობილებით გადაადგილება აღარ დასჭირდებათ", - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 50 მილიონი ლარია.


