TI სამართალდამცავ უწყებებს მარნეულის ინციდენტის მყისიერად გამოიძიებისკენ მოუწოდებს
29/09/2020 19:58:45 საზოგადოება
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება.
TI-ში აცხადებენ, რომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების ვალდებულება ხელისუფლებას ეკისრება.
"ვგმობთ მარნეულში დღეს მომხდარ თავდასხმის ინციდენტებს ჟურნალისტებზე, აგრეთვე პოლიტიკურ აქტივისტებზე. არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება საქართველოს მოქალაქეების უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს და ამის უზრუნველყოფის უმთავრესი ვალდებულება მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: პლატფორმა „2020"-ის წარმომადგენლის გიორგი მუმლაძის განცხადებით, მარნეულში 29 სექტემბერს, საღამოს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს „ქართული ოცნების" წევრები თავს დაესხნენ.
"საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და "მთავრი არხის" ინფორმაციით, მარნეულში მათ თანამშრომლებსაც დაესხნენ თავს.
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
"მყისიერად დავიწყეთ გამოძიება გივი ქველაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ასევე, დავიწყეთ გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენის, ასევე დაკავების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რათა იყოს საზოგადოებრივი წესრიგი დაცული. ყველანაირი საგამოძიებო მოქმედებები იქნება მყისიერად ჩატარებული. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი იქნეს დადგენილი და შემდეგ დაკავებული", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა.
მისი თქმით, ინციდენტში დაზარალებული პირები გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში და დაკითხვის შემდეგ, უწყება დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს.
ამასთან, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები.


