Accentnews.ge
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს ჟურნალისტებზე თავდასხმა გამოიძიონ

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს ჟურნალისტებზე თავდასხმა გამოიძიონ

30/09/2020 05:00:29 საზოგადოება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტებზე მომხდარ ძალადობას გმობს და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს მომხდარი ფაქტები მყისიერად გამოიძიონ.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარ ფაქტზე მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, რათა მოხდეს მსგავსი ფაქტების პრევენცია და ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება უსაფრთხო სამუშაო პირობებში განაგრძონ საქმიანობა. ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ მომხდარი ფაქტები და მოახდინონ მათზე სათანადო რეაგირება", - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

ქარტია ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს გაიაზრონ მედიის როლი და არ წაახალისონ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა.

ცნობისთვის: პლატფორმა „2020"-ის წარმომადგენლის გიორგი მუმლაძის განცხადებით, მარნეულში 29 სექტემბერს, საღამოს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს „ქართული ოცნების" წევრები თავს დაესხნენ.

"საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და "მთავრი არხის" ინფორმაციით, მარნეულში მათ თანამშრომლებსაც დაესხნენ თავს.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

"მყისიერად დავიწყეთ გამოძიება გივი ქველაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ასევე, დავიწყეთ გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენის, ასევე დაკავების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რათა იყოს საზოგადოებრივი წესრიგი დაცული. ყველანაირი საგამოძიებო მოქმედებები იქნება მყისიერად ჩატარებული. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი იქნეს დადგენილი და შემდეგ დაკავებული", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა.

მისი თქმით, ინციდენტში დაზარალებული პირები გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში და დაკითხვის შემდეგ, უწყება დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს.

ამასთან, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S