ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი სპეციალისტი წელს გრიპის სეზონის უფრო მსუბუქად მიმდინარეობას პროგნოზირებს
29/09/2020 17:43:56 საზოგადოება
აშშ–ში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში მომუშავე ქართველი ექიმი ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე წელს გრიპის სეზონის უფრო მსუბუქად მიმდინარეობას პროგნოზირებს.
როგორც მაჩაიძე სოციალურ ქსელში წერს, "კოვიდ-საწინააღმდეგო ყველა ზომა (მათ შორის ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება) ასევე შეამცირებს სეზონური გრიპის ვირუსების გადაცემის სიხშირეს.
"გრიპის სეზონი წელს შესაძლებელია, პარადოქსულად უკეთ წავიდეს,ვიდრე წინა წლებში (ჩემი აზრით ასეც მოხდება). ამისთვის აუცილებელია კიდევ უფრო მეტი რესურსი დაიხარჯოს საზოგადოების ინფორმირებულობისთვის ამ ზომების შესახებ.
მისივე თქმით, აჭარის მაგალითმა აჩვენა რამდენად მოუმზადებელი დახვდა კოვიდ–ინფექციის გავრცელებას საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ჰოსპიტალური სექტორი:
"ძალიან კარგია, რომ პროტოკოლები იცვლება და ხალხს ბინაზე მკურნალობის საშუალებას აძლევს, მაგრამ როდესაც ამხელა მასა სახლში გადაინაცვლებს, მარტივი ენით სამედიცინო ინფორმაციის მიტანა და ამ კამპანიაში ოჯახის ექიმების აქტიური ჩართვა, განსაკუთრებით სეზონური გრიპის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება".
როგორც მაჩაიძე აცხადებს, აქტუალური გახდება კომბინირებული ტესტირება (ანუ ერთი ნაცხით კოვიდის, გრიპის და/ან სხვა სეზონური ვირუსებისთვის ტესტირება), ამიტომ, მისი თქმით, ამ ტესტების მომარაგება ერთ–ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს.
რაც შეეხება გრიპისა და კოვიდის ვაქცინებს მაჩაიძე აცხადებს, რომ გრიპის ვაქცინების დეფიციტი სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს, ხოლო კოვიდის ვაქცინაზე საუბარი ჯერ–ჯერბით აზრს მოკლებულია:
"რაც შეეხება გრიპისვაქცინას - დებატები გრძელდება იმასთან დაკავშირებით, რამდენაც ბევრი შტამი უნდა მოიცვას და რამდენად ადრე უნდა დაიწყოს ვაქცინაცია (ადრე აცრით იმუნიტეტის დასუსტების რისკი არსებობს სეზონის დასრულებამდე) - თუ საქართველოში მხოლოდ 130 ათასი ვაქცინის შემოტანაა დაგეგმილი - რისკჯგუფების მიხედვით მოხდება პრიორიტიზება, მაგრამ ვაქცინების დეფიციტი სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს.
რაც შეეხება კოვიდის ვაქცინას, რამდენიმე ქვეყნის ლიდერი შეიძლება გამოვიდეს და „იზეიმოს“ ვაქცინა ნოემბერ-დეკემბერში, თუმცა ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადება იქნება და სხვა არეფერი - რეალურად, უსაფრთხო ვაქცინით ფართო მასების მომარაგება 2021 წლის გაზაფხულამდე ვერ მოხდება, საქართველომდე როდის მოაღწევს ეს კიდევ ცალკე საკითხია, ასე რომ კოვიდის ვაქცინაზე საუბარი და დავა ჯერ აზრს მოკლებულია", – წერს მაჩაიძე.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 270 პირი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. 314 ახალი შემთხვევიდან 225 აჭარაში გამოვლინდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 2 324 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 გარდაიცვალა.


