9 თვეში 1 000 000 გარდაცვლილი – ექსპერტები შიშობენ, რომ ვაქცინის გამოშვებამდე Covid-19–ის მსხვერპლთა რაოდენობა გაორმაგდება
29/09/2020 07:38:04 საზოგადოება
ჩინეთში ახალი კორონავირუსის დადასტურებიდან 9 თვის შემდეგ, ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში დაავადებამ უკვე 1 000 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. გარდა ამისა, პანდემიამ მილიარდობით ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება შეცვალა და ქვეყნების ეკონომიკას უზარმაზარი ზიანი მიაყენა.მსოფლიოში Covid-19–ით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 33 მილიონს გადააჭარბა.
დაავადების გავრცელების პირველ ეტაპზე ჩინეთის შემდეგ პანდემიის ეპიცენტრად ევროპა იქცა. მოგვიანებით, პანდემიის ეპიცენტრმა აშშ–ში გადაინაცვლა. კრიტიკოსები ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვირუსის წინააღმდეგ დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებენ. სადღეისოდ აშშ Covid-19–ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 200 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 7 მილიონზე მეტი შემთხვევა. კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს. ქვეყანაში დადასტურებულია ინფიცირების 6 მილიონზე მეტი შემთხვევა. კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა ინდოეთში ივნისიდან დაიწყო და დაახლოებით ორ თვეში ინფიცირებულთა მაჩვენებლით ბრაზილიას და რუსეთს გადაუსწრო და მეორე ადგილზე აინაცვლა.
სადღეისოდ მკვეთრად იზრდება Covid-19–ით ინფიცირების შემთხვევები ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში. ბრაზილიაში კორონავირუსმა უკვე 141 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყანა Covid-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს აშშ–ის შემდეგ.

ევროპის მეორე ტალღა
ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად ევროპის ქვეყნების უმეტესობამ გაზაფხულზევე შემოიღო მკაცრი შეზღუდვები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიებებმა გარკვეული წარმატება მოიტანა, მრავალი ქვეყანა მაგალითად, საფრანგეთი, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო, ახლა კორონავირუსის მეორე ტალღის აღსაკვეთად იბრძვიან.

მეორე ტალღის პერიოდში ევროპაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჯერ–ჯერობით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება პირველი ტალღის დროს (აპრილში, როდესაც ევროპაში პანდემიის პიკი იყო) არსებულ ანალოგიურ მაჩვენებელს. თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ წინ ზამთარია და ეს მაჩვენებელი აუცილებლად გაიზრდება.
"მართალია, ექიმებს დაუგროვდათ გამოცდილება და ახლა უკეთ შეუძლიათ დიაგნოზის დასმა და ინფიცირებულთა მკურნალობა, ამის დასტურია ისიც , რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მძიმე პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 50% –ით შემცირდა, მაგრამ ზამთარი მოდის და გრიპის სეზონი ახლოვდება, რაც კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას", – აცხადებს დიდი ბრიტანეთის საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევარი მაიკლ ჰედი.
ვაქცინის იმედი

მსოფლიოს მოსახლეობა იმედოვნებს, რომ ვაქცინის შემდეგ პანდემიამდე არსებულ ცხოვრების რეჟიმს სწრაფად დაუბრუნდებიან. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსი მეცნიერ–თანამშრომლის სუმია სვამინატანის განცხადებით, მსოფლიო Covid-19-ის პანდემიამდე არსებულ ცხოვრების წესს შესაძლოა, 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდეს:
"ვფიქრობთ ნორმალურ ცხოვრების წესს სავარაუდოდ, 2022 წლამდე ვერ დავუბრუნდებით, ამ პერიოდისთვის ხალხის საკმაო რაოდენობა დაიწყებს ვაქცინის მიღებას, რათა იმუნიტეტი გამომუშავდეს. ასე რომ, დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ უნდა დავიცვათ იგივე ტიპის ზომები, რომლებიც ამჟამად არსებობს, ესაა – პირბადე, სოციალური დისტანცირება და ჰიგიენის ნორმების დაცვა. მოსახლეობის 60–70%–ში მაინც უნდა იყოს იმუნიტეტი გამომუშავებული, რომ ინფიცირების შემთხვევების დრამატული კლება მოხდეს".
მსოფლიოს მასშტაბით ამჟამად Covid-19-ის საწინააღმდეგო 35 ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს, მაგრამ არვინ არის დარწმუნებული, როდის დამტკიცდება ისინი გამოყენებისათვის.
ამასობაში კი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება. თუ ივნისის ბოლოს მსოფლიოში Covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 500 000–ს შეადგინა, სამი თვის შემდეგ ეს რაოდენობა გაორმაგდა და ახლა 1 000 000 არის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ფართოდ გამოყენებამდე დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობამ შესაძლოა, 2 მილიონს მიაღწიოს.
"ეს რაოდენობა არა მხოლოდ წამოსახვითი, არამედ, სამწუხაროდ, ძალიან რეალურია", – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა.
Covid-19 და საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრი ზრდა 10 სექტემბრიდან დაიწყო. მანამდე ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობა ათეულებს არ აღემატებოდა. ამავე პერიოდიდან მოიმატა კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელმაც. თუ 10 სექტემბერს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 19–ს შეადგენდა, 29 სექტემბრის მონაცემებით ეს მაჩვენებელი – 33–ია.
![]()
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გაყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოში არის 0,56. რაც მისი განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ „სიკვდილიანობის მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტი გვაქვს ევროპაში დღეისთვის“.
ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დაავადება 314 პირს დაუდასტურდა.
ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2 324 პირი განიკურნა, 33 პაციენტი კი გარდაიცვალა.


