"ყოველდღიურად შესაძლოა, 19 200–მდე კოვიდ–ინფიცირებული გვყავდეს, თუმცა ეკონომიკა ვერ გაჩერდება"
28/09/2020 12:01:34 მსოფლიო
კანცლერი ანგელა მერკელი გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებლის 19 200–მდე ზრდას არ გამორიცხავს.
"თუ COVID-19–ით ინფიცირების გავრცელება სადღეისოდ არსებული ტემპებით გაგრძელდება, შესაძლოა, დღე–ღამის განმავლობაში დაავადება 19 200–მდე პირს დაუდასტურდეს. მიუხედავად ასეთი ვითარებისა, ეკონომიკამ მუშაობა არ უნდა გააჩეროს", – განაცხადა, Reuters–ის ცნობით, მერკელმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე.
მისივე თქმით, ქვეყანამ ასევე ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა სკოლები და მოხუცთა თავშესაფრები შეუფერხებლად ფუნქციონირებდნენ.
ბოლო პერიოდში გერმანიაში COVID-19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის 286 420 შემთხვევაა დადასტურებული, დაავადებამ 9 534 ადამიანი იმსხვერპლა, 250 800 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 000 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 33 307 000–ზე მეტი ადამიანი, 24 639 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 298 პირს დაუდასტურდა, 148 მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2054 პირი განიკურნა, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 298 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.


