"სიმპტომების გამოვლენიდან მე-8 დღეს ადამიანი გადამდები აღარ არის"
28/09/2020 08:21:31 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ადამიანი კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში გადამდები აღარ არის, თუნდაც მისი ტესტის პასუხი დადებითი იყოს.
"ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის და ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა - მინიმალურია, პრაქტიკულად არ არსებობს. ამიტომ, სქემა, რომელიც განვიხილეთ და რაც აისახება ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებში, შეეხება უსიმპტომო პირებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას. მეთორმეტე დღეს პირი, რომელსაც სიმპტომი აღარ აღენიშნება, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტიურობას ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც სიმპტომები აქვთ და საავადმყოფოებში არიან - გამოჯანმრთელების მინიმალური ხანგრძლივობა არის 13 დღე, საიდანაც 10 დღე სიმპტომების პერიოდად ითვლება, 3 დღე კი - უსიმპტომოდ.
"ამასთან ერთად, შესაძლოა, საჭირო იყოს კლინიკური გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მზად არის პაციენტი, ჩვეულ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. თუმცა, ეპიდემიოლოგიური რისკების თვალსაზრისით ასეთი პაციენტებიც, თუ ბოლო 3 დღის განმავლობაში სიმპტომები არ აქვთ, ითვლება, რომ არ წარმოადგენენ რისკს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 298 პირს დაუდასტურდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2054 პირი განიკურნა, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.


