გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებლის 500–მდე ზრდას არ გამორიცხავს
28/09/2020 08:32:59 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ახალი კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებლის 500–მდე ზრდას არ გამორიცხავს.
"უნდა გავითავისოთ ისიც, რომ ჩვენ ყოველდღიურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვექნება შემთხვევათა მერყეობა 200-400-500-ის ფარგლებში, მაგრამ ეს ყველაფერი მთავარია უნდა იყოს მართვადი. ჯერჯერობით ეს ყველაფერი სრულად მართვადია და ავადმყოფებს ეწევათ შესაბამისი დახმარება“, – განაცხადა გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 298 პირს დაუდასტურდა, 148 მოქალაქე კი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2054 პირი განიკურნა, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 298 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.


