რა შედეგი აჩვენა თბილისში ჩატარებულმა სეროპრევალენტობის კვლევამ
28/09/2020 08:20:12 საზოგადოება
თბილისში სეროპრევალენტობის კვლევა დასრულდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ თბილისში ინფექცია აქტიურად არ ცირკულირებს.
"თბილისში, იუსტიციის სახლთან მოწყობილ დროებით ტესტირების პუნქტში კორონავირუსზე ტესტი 988 ადამიანს გაუკეთდა, მათგან ვირუსი 7-ს დაუდასტურდა, რაც 0.7%-ია. ანუ თბილისში ინფექციის აქტიური ცირკულაცია ჩვენ არ გვაქვს", - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე მსგავსი კვლევა საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში – ხელვაჩაურის, ქობულეთის, მარტვილის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდა. ამ შემთხვევაშიც კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ ქვეყანაში ინფექცია აქტიურად არ ცირკულირებს.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 298 პირს დაუდასტურდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2054 პირი განიკურნა, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.


