"მე-12 დღეს პირი, რომელსაც სიმპტომი აღარ აღენიშნება, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და მას შეუძლია, დაუბრუნდეს სოციალურ აქტიურობას ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე"
28/09/2020 08:18:43 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პირი, რომელსაც ტესტირების ჩატარებიდან 12 დღის განმავლობაში კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება განმეორებითი ტესტირების გარეშე გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მიიღო ახალი რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ შეფასდეს უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების სტატუსი. მსოფლიოში უკვე შეცვლილია რეკომენდაციები. სქემა, რომელიც განვიხილეთ და რაც ასახული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებში, შეეხება უსიმპტომო პირებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას. მე–12 დღეს პირი, რომელსაც სიმპტომი აღარ აღენიშნება, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტიურობას ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე", – განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება სიმპტომიან პაციენტებს, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან, გაბუნიას თქმით, "აქ მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე არის 13 დღე":
"ამ 13 დღიდან 10 დღე იგულისხმება სიმპტომების პერიოდად და 3 დღე უსიმპტომო პერიოდი. ამასთან ერთად, შესაძლოა, საჭირო იყოს კლინიკური გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ კლინიკურად რამდენად მზად არის პაციენტი, ჩვეულ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, თუმცა ეპიდემიოლოგიური რისკების თვალსაზრისით ასეთი პაციენტებიც უკვე მე-14 დღეს, თუ ბოლო 3 დღე სიმპტომებისგან თავისუფალია, ითვლება, რომ აღარ წარმოადგენენ რისკს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით“.


