სამეგრელოში რეპეტიტორმა კორონავირუსით 14 მოსწავლე დააინფიცირა
28/09/2020 07:44:52 საზოგადოება
სამეგრელოში რეპეტიტორმა ახალი კორონავირუსით 14 მოსწავლე დააინფიცირა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა.
მისივე თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის.
"რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 200 ტესტი, აქედან გვაქვს 20 დადებითი პასუხი, მათგან 1 ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა,1 მარტვილელია,3 ფოთის მცხოვრებია, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ბათუმთან, 15 არის ზუგდიდი, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია და მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან. ეს მასწავლებელი კი ოქროს ბირჟის ე.წ. კლასტერია. მე–15 ზუგდიდელი არის ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. რადგან არასრულწლოვნები მოსწავლეები არიან, სამი სკოლა, სადაც მათ შემხებლობა აქვთ, გადავა დისტანციურზე. ეს სკოლებია: რუხის, ინგირის პირველი და დიდინეძი. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 92-ს შეადგენს“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 298 პირს დაუდასტურდა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 2054 პირი განიკურნა, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.


