ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი 10 დღის წინ დაუდასტურდა
25/09/2020 11:31:48 საზოგადოება
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორ სოლომონ ფუტკარაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ფუტკარაძეს ვირუსი 10 დღის წინ დაუდასტურდა, თავდაპირველად იგი მკურნალობას კლინიკაში გადიოდა, თუმცა ამ დროისთვის ბინაზე მკურნალობს.
დღეს, 25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 54-ით გაიზარდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 4 664 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 759 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, საქართველოში ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა აჭარიდან დაიწყო, რომელიც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, "წითელ ზონადაა" გამოცხადებული. "აქცენტი" მსგავსი პაციენტების რაოდენობით დაინტერესდა და როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, 23 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში ბინაზე 519 ადამიანი მკურნალობს.
ცნობილია ისიც, რომ უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების ნაწილი მეთვალყურეობის ქვეშ კოვიდ–სასტუმროებში იმყოფება. 25 სექტემბრის დილის მონაცემებით, მათი რაოდენობა 781–ია, ჯამში კი ქვეყნის მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსის 3 000–მდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 17 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ცნობისთვის: საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 265 პირს დაუდასტურდა, 55 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა. ამრიგად, ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 759 პირი განიკურნა, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღე–ღამის განმავლობაში 265 დადასტურებული შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 5 584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.
საქართველოს რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
- აჭარა–165
- იმერეთი–27
- კახეთი – 6
- თბილისი – 43
- სამეგრელო–ზემო სვანეთი – 6
- სამცხე ჯავახეთი – 4
- ქვემო ქართლი–3
- შიდა ქართლი – 2


