იაპონიაში გამოიგონეს ულტრაიისფერი ნათურა, რომელსაც კორონავირუსის განადგურება ადამიანისთვის ზიანის მიყენების გარეშე შეუძლია

23-09-2020 15:45:57 მსოფლიო

იაპონიაში გამოიგონეს ულტრაიისფერი ნათურა, რომელსაც კორონავირუსის განადგურება ადამიანისთვის ზიანის მიყენების გარეშე შეუძლია, – იუწყება The Guardian.

როგორც ნათურის შემქმნელ კომპანია "Ushio"–ში აცხადებენ, ულტრაიისფერი ნათურების განთავსება სხვადასხვა საჯარო ადგილებში, მათ შორის მატარებლის ვაგონებში, მოსაცდელებსა და ლიფტებში იგეგმება.

"ჩვენი ნათურები 222 ნანომეტრი სიგრძის ულტრაიისფერ სხივებს უშვებენ, განსხვავებით ჩვეულებრივი, აქამდე არსებული 254 ნანომეტრი სიგრძის ულტრაიისფერ სხივების მქონე ნათურებისგან. ჩვენი ნათურები ადამიანის თვალებს და სხეულის სხვა ორგანოებს არ აზიანებს. განსხვავებული ტალღის სიგრძე სპეციალურ ფილტრთან ერთად ნიშნავს, რომ სხივებს არ შეუძლიათ შეაღწიონ ადამიანის კანში ან თვალებში. იგი შესაძლოა, გამოყენებული იყოს, როგორც სადეზინფექციო საშუალება, რადგან კორონავირუსის განადგურება შეუძლია", – აცხადებენ კომპანიაში.

როგორც "Ushio"–ში აღნიშნავენ, ნათურას, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტთან ერთად შექმნეს, ჰაერში ახალი კორონავირუსის 99%–ის განადგურება 6–7 წუთში შეუძლია. "რაც შეეხება ზედაპირებს, ნათურას კორონავირუსის განადგურება 3 კვადრატული მეტრის ფართობში არსებულ ზედაპირებზე შეუძლია", – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"Ushio"–ში ირწმუნებიან, რომ აღნიშნული შედეგები ჰიროსიმას უნივერსიტეტში ჩატარებულმა ზედიზედ სამმა ცდამ დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ არ გამოიყენონ ჩვეულებრივი ულტრაიისფერი ნათურები ხელების ან სხეულის სხვა ნაწილების დეზინფექციისთვის, რადგან ამან შეიძლება,კანის კიბო და თვალის დაზიანება გამოიწვიოს.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 975 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 783 000–ზე მეტი ადამიანი, 23 401 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4 140-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1 643 ადამიანი, ხოლო 25 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები