ტრამპი - აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობაზე: "ვფიქრობ, ეს სირცხვილია"
23/09/2020 05:27:11 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა, სამარცხვინო ფაქტია.
„ვფიქრობ, ეს სირცხვილია. თუმცა, მიმაჩნია, რომ თუ სათანადოდ და სწორად არ ვიმოქმედებდით, 2,5 მილიონი ადამიანი დაიღუპებოდა", - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, მან ჩინეთი კორონავირუსის გავრცელებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა:
„ჩინეთს ვირუსი საკუთარ საზღვარზე უნდა შეეჩერებინა და მისი მთელს მსოფლიოში გავრცელება არასდროს უნდა დაეშვათ. უბრალოდ გახსოვდეთ: ჩინეთმა დაუშვა, ეს მომხდარიყო".
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში კორონავირუსით ინფიცირების 7 097 937 შემთხვევაა დადასტურებული, დაავადებამ 205 471 ადამიანი იმსხვერპლა.
ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 975 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 783 000–ზე მეტი ადამიანი, 23 401 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3913-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, ხოლო 23 გარდაიცვალა.


