Le Monde: "პუტინი არ გამორიცხავს, რომ ნავალნიმ თავი მოიწამლა"
23/09/2020 05:10:56 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გამორიცხავს, რომ რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ საწამლავი თავად მიიღო დაუდგენელი მიზეზით, – იუწყება ფრანგული გამოცემა Le Monde.
მისივე ცნობით, 14 სეტემბერს გამართულ სატელეფონო საუბარისას პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნავალნის მოწამლვის შესახებ ისაუბრეს.
"პუტინმა აღნიშნა, რომ ნავალნი უბრალოდ, ინტერენტში არეულობის შემტანი პირია, რომელიც ადრე სხვადასხვა დაავადებას იგონებდა. მაკრონის მკაფიო პოზიცია იყო, რომ „ნოვიჩოკს“ კერძო პირი ვერ გამოიყენებდა", – წერს Le Monde
ალექსეი ნავალნის შეფასებით, პუტინს აქვს “კარგი ვერსია“, რომელიც ყურადღებით შესასწავლია.
„სამზარეულოში მოვხარშე „ნოვიჩოკი“. თვითმფრინავში ჩუმად დავლიე. კომაში ჩავვარდი. მანამდე ცოლს, მეგობრებს და კოლეგებს მოველაპარაკე, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო მოითხოვს, რომ სამკურნალოდ გერმანიაში წამიყვანონ, არავითარ შემთხვევაში არ მისცენ ამის ნება. სიკვდილი ომსკის საავადმყოფოში, სადაც მიზეზად იმას დაადგენდნენ, რომ დიდხანს ცხოვრობდაო - ეს იყო ჩემი ეშმაკური გეგმის საბოლოო მიზანი. მაგრამ პუტინმა მომიგო. მას ასე უბრალოდ ვერ გააცურებ. საბოლოოდ, მე სულელივით კომაში ვიყავი 18 დღე, მაგრამ ჩემი ვერ გავიტანე. პროვოკაცია არ გამოვიდა!“, - წერს ალექსეი ნავალნი "ინსტაგრამში" პირად გვერდზე.
22 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას რუსეთს მოუწოდა, ნათელი მოჰფინოს ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობას. მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი არ მოითმენს ევროპაში, ან რუსეთში ქიმიური იარაღის არსებობას.
ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში გონი დაკარგა. ავიალაინერი ომსკის აეროპორტში დაეშვა და ნავალნი გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, რომლის ექიმებმა ოჯახს ორი დღის შემდეგ მისცეს პაციენტის გერმანიაში გადაყვანის უფლება. 22 აგვისტოდან ნავალნი ბერლინის კლინიკა „შარიტეში“ იმყოფება. ექიმებმა რუსი ოპოზიციონერი კომიდან 7 სექტემბერს გამოიყვანეს.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ლაბორატორიამ კვლევის შედეგად განაცხადა, რომ ნავალნი მოწამლულია ნივთიერებით „ნოვიჩოკის“ ჯგუფიდან. მსგავსი დასკვნა გააკეთეს დაადასტურეს საფრანგეთის და შვედეთის დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმაც.


