Accentnews.ge
ვინ იყო COVID-19–ით გარდაცვლილი 23–ე პაციენტი

ვინ იყო COVID-19–ით გარდაცვლილი 23–ე პაციენტი

22/09/2020 13:48:20 საზოგადოება

დღეს თბილისში COVID-19-ისგან გარდაცვლილი რიგით 23–ე პაციენტი გალის ოკუპირებული რაიონის მკვიდრი, საქართველოს 67 წლის მოქალაქეა.

„აქცენტის“ ინფორმაციით, პაციენტს, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებიც აწუხებდა. კორონავირუსი მას უკვე ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ტესტირების შედეგად დაუდასტურდა. ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილი სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც 20 სექტემბერს კორონავირუსისგან სოხუმის პირველი სკოლის მასწავლებელი, 60 წლის ლუდმილა ანუა გარდაიცვალა, აფხაზეთიდან სხვადასხვა სამედიცინო საჭიროებებისთვის მომართვიანობა საგრძნობლადაა გაზრდილი, თუმცა დე ფაქტო საზღვარზე მდგომი რუსი ე.წ. მესაზღვრეები ამ მხრივ ხელოვნურ პრობლემებს ქმნიან და საშვებს მხოლოდ ერთეულ, გამონაკლის შემთხვევებში გასცემენ. ამ მხრივ პრობლემები ექმნებათ მძიმე ავადმყოფებსაც კი. მაგალითად, ამ დღეებში ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ონკოდაავადება აქვს, ჯერ დიდი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც გონება დაკარგა, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოშვებას დასთანხმდნენ, მაგრამ მარტო – თანმხლები პირების გარეშე. მძიმე ავადმყოფმა დე ფაქტო საზღვარი მარტომ, ფეხით გადმოკვეთა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უკიდურესად რთულია. რუსეთი სამედიცინო ბლოკადას აგრძელებს და აფხაზეთის დახმარების მსურველ ბიზნესმენებს ფსოუზე მედიკამენტებისა და დამცავი საშუალებების გადატანის ნებას არ რთავს.

ოკუპირებული რეგიონი პერიოდულად ენგურის მხრიდან იღებს ჰუმანიტარულ დახმარებას, თუმცა მარაგი სწრაფად ილევა. ძალზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მედიკოსების ავადობა და დეფიციტიც. ამას ემატება თავად მოსახლეობის იმ ნაწილის უპასუხისმგებლობაც, რომელიც პროპაგანდასაა აყოლილი და ვირუსის არსებობის ამ დრომდე არ სჯერა, ან სჯერა, მაგრამ უსაფრთხოების ზომებს მაინც არ იცავს. ასე, მაგალითად, ოჩამჩირეს მკვიდრს, რომელსაც ვირუსი სოხუმში დაუდასტურდა, ამის შემდეგ კონტაქტი ჰქონდა ოჯახის წევრებთან, იგი საცხოვრებელ სახლშივე მოინახულეს ნათესავებმაც, თანასოფლელებმაც. ამჟამად ამ პაცენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იმ სკოლაში კი, სადაც ლუდმილა ანუა ასწავლიდა, ორკვირიანი კარანტინი გამოაცხადეს. როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, 50-ზე მეტ მოსწავლეს მაღალი სიცხე აღენიშნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S