COVID-19 აფხაზეთში: ვინაა მტერი, ვინ - მეგობარი

22-09-2020 11:53:34 კონფლიქტები

ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის აფხაზური ოპერატიული შტაბის ყოველდღიური ცნობები ფრონტის ამბებს დაემსგავსა. ინფიცირებულთა დღიური ნამატით აფხაზეთი ყოველდღიურად ხსნის ახალ ანტირეკორდს. ასე, მაგალითად, 20 სექტემბერს 225 ტესტირებულიდან COVID 19 61-ს დაუდასტურდა. რესპუბლიკის ერთადერთ — გუდაუთის კოვიდ-ცენტრში უკვე 99 პაციენტი მკურნალობს, მათგან 6 — მძიმე, 14 — საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში.

ამასთან, აფხაზეთის ხელისუფლება მალავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გუდაუთის კოვიდ-ცენტრიდან საქართველოში სამკურნალოდ უკვე 10-ზე მძიმე ავადმყოფია გადაყვანილი. მიზეზები, რომელთა გამოც ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ, ცოტა გაუგებარია. თუმცა ზოგიერთი ჩვენი თანამოსაუბრე დარწმუნებლია, რომ ამ გზით რესპუბლიკის ხელმძღვანელობა იმ ფაქტის მიჩქმალვას ცდილობს, რომ რუსეთს ამ პაციენტების მკურნალობა არ სურს და აფხაზური მხარე იძულებულია, ისინი საქართველოში გადაგზავნოს.

«რუსეთში დიდი ხანია, აღარავინ გაუყვანიათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალზე მძიმე პაციენტები გვყავს. სოჭში მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ორი გაიყვანეს და ორივე გარდაიცვალა. ჩვენს ინფიცირებულ ექიმებს ერთი მეორეს მიყოლებით საქართველოში უშვებენ — და არა მარტო იმის გამო, რომ ასე სურთ ინფიცირებულთა ოჯახებს. ჩვენ ღიად გვეუბნებიან, «ნუ დაელოდებით გაუარესებას, გაიყვანეთ საქართველოში, რადგან რუსეთში მათ არავინ უმკურნალებსო», - გვიამბო ერთ-ერთი ინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრმა ალექსეიმ. ახალგაზრდას თქმით, გუდაუთის კოვიდ-ცენტრის თანამშრომლები არ მალავენ, რომ ვითარება ძალზე მძიმეა. «თუ ტელევიზორს მოუსმენ, რუსეთი თითქოს გვეხმარება, მაგრამ რეალურად - არავითარი დახმარება და არც მკურნალობა. წამალი ცოტაა, ამას ექიმების დეფიციტიც ერთვის. რუსეთში გადაყვანა უნდა დავივიწყოთ. და რა ვქნათ?», - აღშფოთებულია ალექსეი.

აფხაზეთი რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვის ფაქტს უმალავს არა მარტო საკუთარ მოსახლეობას, არამედ მთელს მსოფლიოს. ახლა უკვე მისი მხრიდან ამის გამხელა არცაა აუცილებელი. მოსახლეობა ამას თავადაც კარგად ხედავს და მეტიც, ამაზე ღიადაც საუბრობს. და მიუხედავად ამისა, ხელისუფლება დღიდან დღემდე ცდილობს, დაგვარწმუნოს რუსეთთან არაჩვეულებრივ ურთიერთობაში, მის დახმარებასა და მხარდაჭერაში, პარალელურად კი ავადმყოფების საქართველოში გადაგზავნას ცდილობს.

საკითხის ამგვარი დაყენება, სულ მცირე, გასაკვირია. საქართველო აფხაზეთის მტერია, მეოცნებე რესპუბლიკის თავის იურისდიქციაში დაბრუნებაზე. და ჰო, კინაღამ დამავიწყდა — ამ საზიზღარ საქართველოს დღემდე არ მოუწერია ხელი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებისთვის, არ უღიარებია აფხაზეთის სახელმწიფოებრიობა და კიდევ ბევრი რამ არ გაუკეთებია. რუსეთი კი სტრატეგიული პარტნიორია, მეზობელი და მეგობარი, რომელიც დღედაღამ, ხელჩაუხრელად ზრუნავს იმაზე, როგორ დაეხმაროს აფხაზეთსა და მის მაცხოვრებლებს. მაშ რატომ ვცდილობთ ჩვენი პაციენტების სამკურნალოდ გაგზავნას მტერთან და არა მეგობართან?! იქნებ იმიტომ, რომ რეალურად, თითოეულს კარგად გვაქვს გაცნობიერებებული, ვინაა მტერი, ვინ — მეგობარი, ვინ — ისე, ვერ გაიგებ?

და სანამ ათას სხვადასხვა პროპაგანდას დაქვემდებარებული მოქალაქეები ჩემს მიმართ შეტევაზე გადმოსულან, შეგახსენებთ ერთ სიბრძნეს: ის კი არაა მეგობარი, ვინც თაფლს გისვამს, არამედ ის, ვინც სიმართლეს გეუბნება. და მეგობრობის ხელს გიწვდის.

ჯერ-ჯერობით რუსეთისგან მხოლოდ სიტყვები გვესმის. რეალური დახმარება - ნული.

რატომ ავიკვიატე ასე რუსეთი? საქმე იმაშია, რომ სწორედ ეს სახელმწიფო საუბრობს აგერ უკვე რამდენიმე ათეული წელია, აფხაზეთის დახმარებაზე. 2008 წლიდან ამას თითქოს აბსოლუტურად ოფიციალურად აკეთებს — ორ თანასწორ სახელმწიფოს შორის გაფორმებული ათეულობით ხელშეკრულებისა და შეთანხმების საფუძველზე. მაგრამ სრულუფლებიანი პარტნიორების ურთიერთქმედებას ეს ურთიერთობები ყველაზე ნაკლებად ჰგავს. გაზვიადება არ იქნება, ვთქვათ, რომ ჩვენ უმცროსი ძმის როლშიც კი არ ვართ, უფრო ბატონსა და ყმას ვგავართ, მესაკუთრესა და მონას.

მლანძღეთ, რამდენიც მოგესურვებათ, მაგრამ არ მჯერა, რომ რუსეთი, რომელიც ლამის მთელს მსოფლიოს უწევს უანგარო დახმარებას, რესპუბლიკისა და აფხაზი ხალხისთვის ამ ძნელბედობის ჟამს აფხაზეთს ვერ ეხმარება. მაშ რა დავარქვათ რუსეთის უარს, აფხაზ პაციენტებს თავის კლინიკებში უმკურნალოს? ან რით ავხსნათ რუსეთის მიერ ჩვენთან — აფხაზეთში იმ სამედიცინო პრეპარატების შემოტანის აკრძალვა, რომლებიც ესოდენ აუცილებელია ახლა — კორონავირუსული ეპიდემიის მწვავე ფაზაში?

უარს ამბობს რა ჩვენი პაციენტების მკურნალობაზე, ,გვითრევს რა ფინანსურ კაბალასა და ეკონომიკურ კრიზისში, რუსეთი მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს როდი აშენებს. და ეს რეალობა, დარწმუნებული ვარ, აფხაზეთში ყველას ესმის. მიუხედავად უდიდესი არსურვილისა, გულის სიღრმეში ყველა აცნობიერებს, რომ ასეთია სიმართლე და მას ვერსად გავექცევით.

პანდემიის დაწყების მომენტიდან დღემდე ბევრმა, ვისაც ვირუსის არსებობის არ სჯეროდა, მისი რეალურობა გააცნობიერა. თუმცა მედიკოსების აზრით, დრო უკვე დაკარგულია. რწმენამ, რომ ეს ვირუსი არ არსებობს, თავისი ბნელი საქმე გააკეთა. თუმცა ახლაც კი, როცა საფრთხის ქვეშ რესპუბლიკის თითქმის მთელი ხანდაზმული მოსახლეობა, ონკოავადმყოფები და შშმ პირები აღმოჩნდნენ, ხალხს არ სურს სახლში დარჩენა, ქორწილების გადადება, ხალხმრავალ სამგლოვიარო ცერემონიებზე უარის თქმა.

ამბობენ, სიკვდილის წინ ჰაერის სუნთქვით ვერ ნაყრდებიო. შექმნილ ვითარებაში ეს განსაკუთრებით ავისმომასწავლებლად ჟღერს. გამოსავალი, რაღა თქმა უნდა, არსებობს. უპირველესად, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ახლობლების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ახლა — პანდემიის პერიოდში სრულად არის დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობის თვითშეგნებაზე.

აფხაზური მედიცინა კოლაფსის ზღვარზეა. ჩვენი ექიმები, მართალია, ცდილობენ, ამაზე არ ისაუბრონ, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ისინი სენს უკანასკნელი ძალით ებრძვიან. რუსეთიდან დახმარებას, მაღალი ალბათობით, ვერ მოვესწრებით. და გვიწევს, ვიყოთ ენგურსიქითა მედიკოსების იმედად, რომლებიც ყოველ ჯერზე გვიწვდიან დახმარების ხელს. ყოველგვარი მოთხოვნისა და პირობის, პიარისა და ბაქიბუქის გარეშე.

ადრე თუ გვიან დადგება დრო, როცა ნიღბები ჩამოიხსნება. მაშინ დავინახავთ, ვინაა ნამდვილი, ვინ — მოჩვენებითი მეგობარი. ღმერთმა ქნას, ეს მანამ გავაცნობიეროთ, სანამ მეტისმეტად გვიანი არ იქნება!

კრისტინა ავიძბა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები