კვლევა – სიმსივნის სიმპტომები, რომელთა შესახებ ქალების 60–მა პროცენტმა არ იცის
22/09/2020 07:32:32 საზოგადოება
ბრიტანული ორგანიზაცია "Lady Garden Foundation"–ის მიერ ჩატარებული უკანასკნელი კვლების შედეგების თანახმად, გინეკოლოგიური კიბოს მნიშვნელოვანი სიმპტომების თაობაზე რესპონდენტი ქალების 60%–ს ინფორმაცია არ აქვს.
მკვლევარებმა გამოყვეს გინეკოლოგიური კიბოს 6 სიმპტომი, რომელთა შესახებ გამოკითხული ქალების უმეტესობამ არ იცის.
1 ყაბზობა (შეკრულობა)

გინეკოლოგიური სიმსივნით დაავადებულთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია Clearity Foundation–ის ცნობით, ყაბზობა შესაძლოა, საკვერცხის კიბოს ნიშანი იყოს. სპეციალისტები ქალებს ურჩევენ, მიმართონ ექიმს, თუ ყაბზობა ხშირად აწუხებთ.
მუცლის შებერილობის შეგრძნება

მიუხედავად იმისა, რომ მუცლის შებერილობა ნორმალური პროცესია გარკვეული საკვების მიღების შემდეგ, ან მენსტრუალური ციკლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იგი ასევე შესაძლოა, იყოს გინეკოლოგიური კიბოს ნიშანი. ხშირი შებერილობის შეგრძნების შემთხვევაში, მეცნიერები ქალებს ექიმთან კონსულტაციის რეკომენდაციით მიმართავენ.
ხშირი შარდვა

როგორც აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აღნიშნავს, ჩვეულებრივზე უფრო ხშირად შარდვა შეიძლება, საკვერცხის ან საშოს კიბოს ნიშანი იყოს. შესაბამისად, სპეციალისტები ქალებს ურჩევენ, მიმართონ ექიმს, თუ ხშირი შარდვა აწუხებთ.
წონის მომატება

მიუხედავად იმისა, რომ კიბოსთან უფრო ხშირად წონის დაკლება ასოცირდება, საკვერცხის კიბოთი დაავადებული ქალები ზოგჯერ წონაში სწრაფად იმატებენ. წონაში უეცრად მომატების შემთხვევაშიც სპეციალისტები ქალებს ურჩევენ, მიმართონ ექიმს.
წონის დაკლება

წონის სწრაფად დაკლება ასოცირდება მრავალი სახის კიბოსთან, მათ შორის გინეკოლოგიურ კიბოსთან. წონაში უეცრად კლების შემთხვევაშიც სპეციალისტები ქალებს ურჩევენ, მიმართონ ექიმს.
ძლიერი დაღლილობის შეგრძნება

ძლიერი დაღლილობის შეგრძნება შესაძლოა, გინეკოლოგიურ კიბოს უკავშირდებოდეს. შესაბამისად, თუ ქალს ხანგრძლივი დაღლილობის შეგრძნება აქვს, რომელსაც ვერაფერს ფიზიკურ თუ გონებრივ გადაღლას ვერ უკავშირებს, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოს.
ქალის ონკოლოგიური დაავადებებიდან გავრცელების სიხშირის მიხედვით, ძუძუს კიბოს შემდეგ მოდის საშვილოსნოს ყელის სიმსივნე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად 270 000 ქალის სიკვდილის მიზეზი ხდება.
წყარო: bestlifeonline


