ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით 2 პაციენტი გარდაიცვალა
22/09/2020 06:18:30 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით 2 პაციენტი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, 80 წლის ქალი ბათუმიდან, ხანდაზმულთა სახლიდან იყო და ქუთაისში კლინიკა "ბომონდში" რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.
ქალს რამდენიმე თანმდევი დაავადება: ინსულტი, დიაბეტი, გულის იშენიური დაავადება, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.
რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, 72 წლის მამაკაცი მკურნალობას ბათუმში გადიოდა. იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.
ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.
„72 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეიბაში იყო. მას ჰქონდა ინსულტი და უკიდურესად დამძიმებული იყი მისი მდგომარეობა. იგი წუხელ ღამით გარდაიცვალა. ამ დროისათვის კლინიკაში 20 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული, ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექვსს კი მუდმივად ჟანგბადი მიეწოდება",- განაცხადეს კლინიკაში.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში COVID-19–ს ჯამში 22 პაციენტი ემსხვერპლა.
განახლება
"დღეს გარდაიცვალა 2 პაციენტი, აქედან ერთი იყო 67 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის ძალიან მძიმედ იყო. ჰქონდა თანმხლები დაავადებები: არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული მოციმციმე არითმია. სამწუხაროდ ამ პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.
მეორე პაციენტი ქუთაისში, კლინიკა ბომონდში მკურნალობდა. მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. პაციენტს ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ინსულტი, თავის ტვინის ქერქის ატროფია, პნევმონია და მისი გამოყვანაც ვერ მოხრეხდა მძიმე მდგომარეობიდან", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ.


