ევროკავშირი ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე "საჭირო ერთსულოვნების" არარსებობის გამო ვერ შეთანხმდა
21/09/2020 15:10:26 მსოფლიო
ევროკავშირში ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით სანქციების დაწესების თაობაზე გადაწყვეტილება დღეს გამართულ შეხვედრაზე ვერ მიიღეს.
"საკითხის მისაღებად აუცილებელია ყველას მხარდაჭერა, საჭირო ერთსულოვნებას კი დღეს ვერ მივაღწიეთ", – განაცხადა ევროკომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ სხდომის შემდეგ.
მისივე თქმით, სანქციების საკითხი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგ სხდომაზე იქნება შეთანხმებული.
"თუ ჩვენ ამას 12 ოქტომბრისთვისაც ვერ შევძლებთ, ჩვენი სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება", – განაცხადა ბორელიმ.
ორგანიზაციის მიერ აგვისტოში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირს დღევანდელ სხდომაზე უნდა დაეწესებინა სანქციები იმ პირთათვის, როლებიც ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე გადამეტებული ძალის გამოყენებაზე არიან პასუხისმგებელნი.
ცნობისთვის: 43-ე დღეა, ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები დაკავებებით გრძელდება. 20 სექტემბერს მრავალათასიანი მსვლელობები მისნკში, გროდნოში, გომელში, ბრესტსა და მოგილევში გაიმართა. სამართალდამცველებმა 230-მდე აქციის მონაწილე დააკავეს.
ბელარუსში პროტესტი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და ახალი არჩენების ჩატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.
აშშ-მა ბელარუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.


