ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი იქმნება
21/09/2020 10:09:30 საზოგადოება
საქართველოს მთავრობის განცხადებით, ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფცია დამტკიცდა, რომლის ფარგლებშიც სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი შეიქმნება.
მთავრობის ცნობით, 2021 წლის განმავლობაში ცენტრი საპილოტე რეჟიმში იმუშავებს და მომსახურებას გაუწევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ცენტრის მომსახურების მიზანია, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და მათი ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია ბავშვზე მორგებულ გარემოში.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, ცენტრი ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც მსოფლიოში „ბარნაჰუსის მოდელის” სახელით არის ცნობილი.
“ცენტრი მორგებული იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე, როგორც ინფრასტრუქტურული ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით და საპილოტე რეჟიმში მოემსახურება სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. პილოტირება დასრულდება 2021 წლის ბოლოს, რის შემდეგაც შესაძლებლობა გვექნება, ვიმსჯელოთ ცენტრის ბენეფიციართა წრის გაფართოებაზე.
ცენტრის იდეაა, ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახუროს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. ეს გულისხმობს იმას, რომ იმავე სივრცეში, სადაც ხდება მსხვერპლი ბავშვის ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები, ბავშვის გამოკითხვა იქნება ეს თუ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა ანა ბუჩუკურმა.
მთავრობის განცხადებით, პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.


