კახეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
21/09/2020 08:04:11 საზოგადოება
კახეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შემთხვევებიდან ერთი ყვარელში, მეორე კი, მატანში გამოვლინდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მცხოვრებ 61 წლის მოქალაქეს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. მოძიებულია მისი ათი კონტაქტი და ყველა ეს პირი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. რაც შეეხება წყაროს, პაციენტის ოჯახის წევრებს აქვთ ბათუმში მოგზაურობის ისტორია და შესაძლოა, მათ ჰქონდათ კორონავირუსის უსიმპტომპო ფორმა.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, წყაროს გარკვევის მიზნით დაავადებული ქალბატონის ოჯახის წევრებს ჩაუტარდებათ სეროლოგიური კვლევა.
რაც შეეხება სოფელ მატანში გამოვლენილ ახალ შემთხვევას, 62 წლის პაციენტი დაკავშირებულია მატანში დარეგისტრირებულ ე.წ. კლასტერთან.
კახეთის რეგიონში ამ დროისთვის კორონავირუსის 37 შემთხვევაა. მათი განაწილება ასეთია: ლაგოდეხი -11; მატანი – 16; ველისციხე – 7; სიღნაღი – 2; ყვარელი - 1.


